აფხაზეთში ერიტრეის ოფიციალური დელეგაცია იმყოფება, ამის შესახებ სააგენტო „აპრსნიპრესი“ წერს. დელეგაციის წევრებს შორის იმყოფება ერიტრეის ელჩი რუსეთში, რომელიც აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ მიიღო.
ბგანბა იმედოვნებს, რომ აფხაზეთსა და ერიტრეას შორის კავშირები დამყარდება.
„იმედი მაქვს, რომ ისეთი ქვეყნების, როგორიც ერიტრეაა, რომელმაც აფხაზეთის მსგავსი ბედი გამოიარა, ჩვენი ქვეყნის დამოუკდებლობის აღიარებისკენ ნაბიჯებს გადადგამენ“, – განუცხადა დელეგაციის წარმომადგენლებს ბგანბამ.
„როდესაც თქვენ ყვებოდით აფხაზეთის ისტორიისა და აფხაზი ხალხის ტანჯვის შესახებ, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ერიტრეის შესახებ ყვებოდით“, – განაცხადა ელჩმა თეკლაია მინასიე ასგედომმა.
ელჩის თქმით, სამხრეთ ოსეთისა და ყირიმის შემდეგ, ერიტრეის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტს აფხაზეთშიც გეგმავს.
ერიტრეა აღმოსავლეთ აფრიკაში, წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ის 1993 წელს ეთიოპიას გამოეყო.