„გაზპრომი“ მზადაა ოკუპირებულ ცხინვალში გაზსადენების მშენებლობა 2,5 მილიარდ რუბლით დააფინანსოს. ამის შესახებ დე-ფაქტო ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა „გაზპრომის“ წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ანატოლი ბიბილოვისა და ალექსეი მილერის ორმხრივ შეხვედრაზე ოკუპირებული ცხინვალის გაზიფიკაციის საკითხი განიხილეს, როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, შედგა შეთანხმება სამომავლოდ ხელშეკრულების გაფორმებაზე, რომლის თანახმადაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონების გაზიფიკაცია მოხდება.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ აუცილებელია სამხრეთ ოსეთის გაზიფიკაცია. ამიტომ წელს მომზადდება ყველა საჭირო დოკუმენტი, სექტემბერში კი მთავრობა „გაზპრომთან“ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. მომავალი წლიდან რესპუბლიკის გაზიფიკაცია დაიწყება“ – აღნიშნა დე ფაქტო ლიდერმა შეხვედრაზე.
შეხვედრაზე განიხილეს გაზის ტარიფების საკითხიც, რომელიც დასაწყისისთვის სამხრეთ ოსეთის ფასებთან იქნება შესაბამისობაში. ამ დროისთვის ოკუპირებულ რეგიონში მხოლოდ ე.წ. დედაქალაქია გაზიფიცირებული.