უახლესი ამბები

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა – რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ გაიხსნა

13 07 2017 | ავტორი: admin
ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა – რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ გაიხსნა
ეკონომიკა
0

ბათუმი რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენციას – „საქართველოს ევროპული გზა – რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ მასპინძლობს.

კონფერენციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ენერგოკავშირის საკითხებზე პასუხისმგებელმა მაროშ შევჩოვიჩმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ საქართველოს, ევროკავშირის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტარები, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

კონფერენციაზე მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდება ევროპული დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, მათ შორის, ევროპის უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურაზე, ასევე, ევროკავშირსა და მის ასოცირებულ პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ ფორმებზე და საქართველოს როლის მნიშვნელობაზე რეგიონალური სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების გათვალისწინებით, წელს კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციის თემების განხილვას, ასევე, დისკუსია გაიმართება ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესსა და ევროკავშირის მესამე ენერგო პაკეტის თაობაზე, ასოცირების შესახებ შეთანხმებების განხორციელების საკითხებზე.

კონფერენციის ფარგლებში, ხელი მოეწერება სამ ფინანსურ შეთანხმებას. კერძოდ,  ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტის ფარგლებში  250 მლნ ევროს დაფინანსების გამოყოფის, ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის დამატებით 3.5 მლნ ევროთი დაფინანსების, ბათუმის საქალაქო სატრანსპორტო პარკის 10 ელექტრო და 20 დიზელზე მომუშავე ავტობუსით შევსების ფინანსურ შეთანხმებებს.

საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ 2007 წლიდან, ტრადიციულად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ტარდება.