უახლესი ამბები

„ევროპაში წარმოდგენილ აფხაზურ დიასპორებთან კონტაქტების გაღრმავება აუცილებელია“

25 07 2017 | ავტორი: admin
„ევროპაში წარმოდგენილ აფხაზურ დიასპორებთან კონტაქტების გაღრმავება აუცილებელია“
ინტერვიუ
0

ინტერვიუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიასთან:

– ბატონო ვახტანგ, სულ ახლახანს თბილისში ამბასადორიალი, რომლის ერთ-ერთი პანელი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს ეძღვნებოდა. ღონისძიებაზე თქვენც ბრძანდებოდით მიწვეული. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ? 

– ჩემთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ფორუმზე დასწრება და ინფორმაციის მიწოდება აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ ელჩებისთვის, ასევე ამბასადორიალში მონაწილე სტუმრებისთვის. მათთვის საინტერესო იყო, თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე; რა გვაქვს და რა შეიძლება, მივიღოთ ამ ვითარებაში; როგორ შეიძლება, განეიტრალდეს სასტიკი დამოკიდებულება ქართული მოსახლეობის მიმართ.

ჩემი შთაბეჭდილებით, საერთაშორისო თანამეგობრობა კონსოლიდირებულია და ერთიან, ურყევ პოზიციას გამოხატავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. მათ დღის წესრიგშია, გააძლიერონ ზეწოლა კრემლზე, არ დაუშვან მცოცავი ანექსიის განვითარება, გალის მოსახლეობის რუსიფიკაცია და ახალი პასპორტიზაცია. ამ იმედს აღვივებს ისიც, რომ დასავლეთმა უკვე გამოხატა თავისი დამოკიდებულება საქართველოსადმი, როცა ვიზა-ლიბერალიზაციის თემა ბოლომდე მიიყვანა. ევროპა ერთიანია ასევე არაღიარების პოლიტიკის გატარების საქმეში, რომელიც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ეს გზა წარმატებით გრძელდება. საბედნიეროდ, ეს ის საკითხებია, რომელზეც კრემლმა ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინა. ეს გვაიმედებს და ვფიქრობთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უკან არც სამომავლოდ დაიხევს და შეეცდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი გამწვავებული სიტუაციების განმუხტვას.

– თუმცა კონფლიქტები კონფლიქტებად რჩება და კვლავაც ძალაშია მნიშვნელოვანი გამოწვევები…

– დიახ, მიუხედავად ყველაფრისა, გამოწვევები საკმარისზე მეტი გვაქვს. მათ შორისაა ქართული ენის აკრძალვა და გალის რაიონის მოსახლეობის იძულებითი „რუსიფიკაცია“, რასაც ოკუპირებული ტერიტორიის შიგნით რუსული ფაქტორის გამო ვერ ვუმკლავდებით. რამდენიმე წლის წინ ჩვენ შევქმენით აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი და ამან სერიოზული გარდატეხა შეიტანა ობიექტური ინფორმაციის მიწოდებაში ენგურს გაღმა მცხოვრები მოსახლეობისთვის. ამაზე რუსულმა მხარემ აფხაზეთის ადმინისტრაციასთან ერთად რეაგირება მოახდინა ე.წ. „გალი ტვ“-ს შექმნით, რომელიც სამ ენაზე (მეგრული, აფხაზური და რუსული) მაუწყებლობს. ცნობილია ისიც, რომ ამ ტელევიზიის არეალი გაფართოვდება და უფრო მეტი გავლენა ექნება სამეგრელოს რეგიონზე. ამიტომ ჩვენ უფრო ქმედითი ღონისძიებების გატარება მოგვიწევს იმისთვის, რომ ჩვენი ხმა არ ჩაიკარგოს.

გარდა ამისა, დაწყებულია ახალი ე.წ. აფხაზური პასპორტების დარიგების პროცესი. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პასპორტები დაურიგდებათ იმ პირებს, რომლებიც უარს იტყვიან საქართველოს მოქალაქეობაზე. გალის რაიონის მოსახლეობას სანაცვლოდ ბინადრობის დამადასტურებელ დოკუმენტს ჰპირდებიან, რომელიც ადამიანის უფლებების ელემენტარულ ნორმებს ზღუდავს და სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის მათ მფლობელებს. ეთნიკურ ქართველებს ენიჭებათ უცხო ქვეყნის მოქალაქის სტატუსი, რომელიც აფხაზეთში ბინადრობის მოწმობით ცხოვრობს და არა როგორც საკუთარი მამა-პაპის ნამოსახლარზე მცხოვრები აბორიგენი მოსახლეობა…

საბოლოო ჯამში, ადგილობრივ მოსახლეობას მოუწევს არჩევანის გაკეთება საქართველოს მოქალაქეობასა და ე.წ. აფხაზურ დოკუმენტებს შორის, რადგან ხსენებული ე.წ. დოკუმენტის არაღების შემთხვევაში ეთნიკურ ქართველებს აფხაზეთის ტერიტორიიდან გასახლება ემუქრებათ. თუმცა არც ე.წ. ბინადრობის მოწმობის აღების შემთხვევაში ექნებათ ეთნიკურ ქართველებს აფხაზეთის ტერიტორიაზე კერძო საკუთრების ყიდვის უფლება, ვერც ვერანაირი სახის მატერიალურ დახმარებას მიიღებენ, ვერც საბანკო მომსახურებით ისარგებლებენ… ამასთან, მცირე სამართლებრივი გადაცდომის შემთხვევაშიც კი იქაურ მცხოვრებლებს დეპორტაციის საშიშროება დაემუქრებათ.

– შექმნილ ვითარებაში რა ბერკეტი რჩება ქართულ მხარეს პროცესზე ზემოქმედების მოსახდენად, რათა მოსახლეობამ თავი მიტოვებულად არ იგრძოს? უნდა ითქვას, რომ რიგ საკითხებთან დაკავშირებით გალის მკვიდრებს ცენტრალური ხელისუფლების მიმართ წყენა აქვთ…

– იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს იურისდიქცია ვერ ვრცელდება გალის რაიონზე, აქტიური მოქმედებისთვის არეალი შეზღუდული გვაქვს. საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით ცდილობს, დაარწმუნოს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება, რომ ქართული ენის აკრძალვა არა მარტო ქართული, აფხაზური საზოგადოებისთვისაც უკიდურესად წამგებიანია. ამასთან ერთად, ისიც ცხადია, რომ იზღუდება აფხაზური ენაც. დღეს თუ ხვალ, აფხაზური უსარგებლო დანამატად იქცევა კრემლისთვის. ამის წინაპირობები აფხაზეთში უკვე არსებობს.

ამ პირობებში საერთაშორისო თანამეგობრობა ცდილობს, დაარწმუნოს ხაჯიმბა და მისი ხელისუფლება, რომ ბინადრობის მოწმობების გაცემა და ქართული ენის აკრძალვა კატეგორიულად მიუღებელია მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისათვის.

რაც შეეხება ჩვენს მიმართ გალელების წყენას, მსგავს ინფორმაციასა და განწყობებს საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალები თესავენ. აფხაზეთში დარჩენილმა ქართულმა მოსახლეობამ იცის, რომ საქართველოს ხელისუფლება გალელების დასახმარებლად, მათთვის ტვირთის შესამსუბუქებლად მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას იყენებს – მატერიალური, ფსიქოლოგიური, პოლიტიკური, ჯანდაცვის, განათლების თუ სხვა კუთხით. თქვენ იცით, რომ აფხაზეთის ჯანმრთელობის სისტემა ძალიან სუსტად არის განვითარებული და რთულ სიტუაციაში აფხაზეთის მოსახლეობას უწევს ჩვენთან მკურნალობა. ეს ძალიან კარგია და ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. ვთვლით, რომ რაც შეიძლება, მეტი რეფერალური პროგრამა უნდა დავაფინანსოთ. სხვათა შორის, ჩვენს ჯანდაცვის სისტემაში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ქართული მხარის მიერ არაკონტროლირებად გალის რაიონის მოსახლეობასაც 100%-ით დაუფინანსდეს ნებისმიერი მკურნალობის ხარჯები. უფრო ვრცლად ლაპარაკს ამ თემაზე ვერიდები, ვინაიდან შესაძლოა, გალელებს ეს ცუდად შემოუბრუნდეთ და აფხაზებმა ის დახმარებაც აუკრძალონ, რომელსაც ჩვენგან უკვე იღებენ.

სხვა საკითხებთან ერთად, გულდადებით გვმართებს მუშაობა აფხაზურ დიასპორებთან, რომლებიც ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში ფუნქციონირებენ. მათ საკმაოდ დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ აფხაზურ საზოგადოებასა და აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე. ამიტომ მნიშვნელოვანია დიპლომატიური წარმომადგენლობების მეშვეობით აფხაზური დიასპორის ხელმძღვანელებთან არსებული კონტაქტების უფრო მეტად გაღრმავება, რაც ეფექტიანი და ნაყოფიერი იქნება სახალხო დიპლომატიის თვალსაზრისით.

მნიშვნელოვანია ასევე სხვადასხვა ქვეყნებში კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების მოწყობა, რათა ნაკლებად ინფორმირებულმა საზოგადოებამ ყველა საჭირო ინფორმაცია მიიღოს.

ამავდროულად, ძალიან ნაყოფიერი იქნებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროში ოფიციალური შეხვედრების ფორმატში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელიწუფლების წარმომადგენლების ჩასმაც, რაც, ერთის მხრივ, პოზიტიურად წარმოაჩენდა ლეგიტიმურ მთავრობას სტუმრების თვალში და მეორეს მხრივ, ხაზგასმული იქნებოდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკური კურსი აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით.

– რამდენად განიცდიან აფხაზები რუსებთან დაშვებული შეცდომების სიმძიმეს? და, პირადად თქვენი აზრით, არის თუ არა ეს საბედისწერო შეცდომები, რომელიც აფხაზეთის თვითმყობადობას ძირს უთხრის?

– რუსეთი აფხაზეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შემადგენელ ნაწილად გადაქცევას რომ ცდილობს, ეს უკვე ყველასთვის აშკარაა. მოლოდინი იმისა, რომ რუსეთი ინვესტიციებს არ დაიშურებდა და აფხაზეთს ააყვავებდა, აფხაზების საბედისწეო შეცდომაა. ყველანი ვხედავთ, რუსეთი ანექსირებულ ტერიტორიებს როგორ ექცევა. კრემლის ყველაზე დიდი ინვესტიცია მიტაცებული ტერიტორიების მილიტარიზაციაა. ასეთი აოხრებული და გავერანებული აფხაზეთი ალბათ, არავის ახსოვს.

ეს პროცესები აფხაზებს და, მათ შორის, აფხაზურ დიასპორასაც კარგად აქვს შესწავლილი და რუსებზე გულაცრუებისა და წყენის კვალი აშკარად იკითხება. აფხაზეთის დღევანდელ ეგრეთწოდებულ ხელისუფლებას სერიოზული „ოპოზიცია“ ჰყავს, რომელიც უკმაყოფილებას არ მალავს რუსებისა და დე-ფაქტო ხელისუფლების მიმართ. არავინ იცის, რაში გადაიზრდება ეს პროცესი.

ფაქტია, რომ აფხაზების, ამ მცირე ერის თვითმყობადობა, რომელიც ქართველებთან ერთად თანაცხოვრების ასეულობით წელს ითვლის, 25 წელიწადში ხელში შემოგვადნა. რა თქმა უნდა, ეს დასანანი და სამწუხარო ფაქტია, რომელიც არავის ახარებს.

არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ ისიც, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ევროპის აქტიურობა, მისი კონსოლიდირებული მოქმედება კრემლს აშკარად აღიზიანებს. მოსკოვი ამას ქართული ტერიტორიების შემდგომი ოკუპაციით, მცოცავი ანექსიითა და გალის გასამხედროებით, გალელი მოსახლეობის უფლებების უკიდურესი შეზღუდვით პასუხობს. ამას კი ჩვენი საზოგადოების, მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტესტის გარდა, მსოფლიო საზოგადოების, დიპლომატიური მისიების, ევროკავშირის, გაეროს, ამერიკის სენატისა და კონგრესის, მრავალი ავტორიტეტული ორგანიზაციის ოფიციალური პროტესტის ხმაც უერთდება.

რა თქმა უნდა, ყველა სიტუაციაში სიფრთხილე და გონიერება გვმართებს. რუსეთი ხომ ჩვენს გამოწვევაზე მუშაობს. მისი წადილია, როგორმე ჩვენს მშვიდობიან მეთოდებს და მოწოდებებს ისეთი ახსნა მოუნახოს, რომელიც მსოფლიო საზოგადოების თვალში არასაიმედო პარტნიორად წარმოგვაჩენს.

რაც შეეხება იმ ხაფანგს, რომელიც რუსებმა აფხაზებს და ქართველებს დაუგეს, იგი მარადიული არ არის, მისგან ხსნა შესაძლებელია, თუ აფხაზური საზოგადოება ამას მოიწადინებს.

აფხაზეთში მცხოვრებმა მოსახლეობამ უნდა შეიმეცნოს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს, მათ შორის აფხაზებსაც და ოსებსაც შეუძლიათ, მიიღონ ის სიკეთე, რომელიც ევროპის ვიზა-ლიბერალიზაციასა და ასოცირებულ წევრობას ახლავს.

ახალი ამბების სააგენტო „აქცენტი“