უახლესი ამბები

წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

26 07 2017 | ავტორი: admin
წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
გარესამყარო
0

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირა – იუწყება Reuters. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს როგორც დემოკრატებმა, ასევე, რესპუბლიკელებმა.

იმისათვის, რომ დოკუმენტი ძალაში შევიდეს, მას სენატმაც უნდა დაუჭიროს მხარი და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწეროს.

თეთრი სახლის ახალი პრესმდივნის სარა სანდერსის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მკვეთრ სანქციებს მხარს უჭერს. ამასთან, სანდერსის თქმით, ამერიკის პრეზიდენტი კანონპროექტის საბოლოო ვარიანტს ელოდება.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის წინააღმდეგ გათვალისწინებულ სანქციებში საქართველოზეც არის საუბარი.

კერძოდ, კანონპროექტში, რომელიც კონგრესის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ნათქვამია, რომ რუსეთი კვლავ არ ასრულებს 2008 წლის აგვისტოში გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული ჯგუფებისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დაუბრკოლებელ შესვლას ითვალისწინებს.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა მოუწოდოს რუსეთის ფედერაციას, რომ მოსკოვმა უნდა გაიყვანოს ჯარი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიიდან.

„რუსეთის ფედერაცია იყენებდა და კვლავ აგრძელებს საქართველოსა და უკრაინაში მცხოვრები ხალხის წინააღმდეგ სამხედრო ძალის, სადაზვერვო ოპერაციებისა და პროპაგანდისტული კამპანიების გამოყენებას, რაც წარმოადგენს მკაფიო საფრთხეს ევროპისა და ევრაზიის სახელმწიფოებისთვის“, – ნათქვამია კონგრესის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კანონპროექტში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ-მა უნდა გააგრძელოს საქართველოს და სხვა პარტნიორი ქვეყნების დახმარების პროგრამები, რათა ამ სახელმწიფოებში რუსეთის გავლენა შემცირდეს.

„რათა სათანადო საპასუხო ნაბიჯები გადაიდგას ჰუმანიტარულ კრიზისისა და არასტაბილური ვითარების დასაძლევად, რაც გამოიწვია და შემდეგ გაამწვავა, საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის შეჭრამ და ტერიტორიების ოკუპაციამ“, – ვკითხულობთ კანონპროექტში.

პროექტში წერია, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები – აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი. დოკუმენტი ევროპის და ევრაზიის ქვეყნების მხარდასაჭერად მომდევნო წლებში 250 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.