უახლესი ამბები

ავღანეთში დაღუპული სამხედრო საქართველოში ჩამოასვენეს

06 08 2017 | ავტორი: admin
ავღანეთში დაღუპული სამხედრო საქართველოში ჩამოასვენეს
საქართველო და გარესამყარო
0

ავღანეთში თავდასხმის შედეგად დაღუპული ქართველი სამხედროს, უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის ცხედარი აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, სპეციალური რეისით ბაგრამის საავიაციო ბაზიდან საქართველოში ჩამოასვენეს.

დაღუპული ქართველი სამხედროს გადმოსვენებასთან დაკავშირებით აეროპორტში სამგლოვიარო ცერემონიალი ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის თანხლებითა და სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის მიერ შესრულებული სამგლოვიარო მარშის აკომპანირებით იმართება. 

სამგლოვიარო ცერემონიას პრეზიდენტი, პრემიერი და მთავრობის წარმომადგენლები ესწრებიან.

როგორც ჟურნალისტებს გენერალური შტაბის საზოგადოებრივ საქმეთა უფროსმა ოფიცერმა ემზარ სვანიძემ განუცხადა, ცხედარს ჯერ ექსპერტიზაზე, მოგვიანებით კი, ზესტაფონის რაიონში, მშობლიურ სოფელში გადაასვენებენ. მისივე თქმით, დაკრძალვის ცერემონია 10 აგვისტოს გაიმართება.   

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აპრილიდან ასრულებდა. ის 3 აგვისტოს ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმის შედეგად დაიღუპა. 

1991 წელს დაბადებული მდინარი ბებიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან ირიცხებოდა. იგი სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონში ათეულის მეთაური იყო. სკოლის დასრულების შემდეგ (2010 წელს), საკუთარი სურვილით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტის საფუძველზე ჩაირიცხა. უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) მისიაში ორჯერ – 2012 და 2014 წლებში მონაწილეობდა. მიღებული აქვს მედლები „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“. ამჯერად კი, უკვე მესამედ ის ავღანეთში ნატო-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებდა. მან გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში ათეულის მეთაურის კურსი გაიარა. მონაწილეობდა უკრაინაში გამართულ საერთაშორისო სწავლებაში – Rapid Trident 2013.

ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულ ქართველ მშვიდობისმყოფელს სამშობლოში გადმოსვენებამდე პატივი ავღანეთში მიაგეს.