ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პარლამენტის დეპუტატმა, „სახალხო პარტიის“ ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ ჟურნალისტებთან გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონებში გაცემულ პასპორტებთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი თქმით, ვინაიდან პასპორტები უკანონოდ იქნა გაცემული, გაუქმებულად გამოცხადდება, რადგან ხალხი და საკანონმდებლო ორგანო დიდი ხანია ამ უკანონობის აღმოფხვრას ითხოვს და ცენტრალური საარჩევნო კომისია ვერანაერად ვერ უგულვებელყოფს ამ მოთხოვნას. მისივე თქმით, ამ ადამიანებს, რომელთა უმეტესობაც ქართველები არიან, ექნებათ უფლება იცხოვრონ აფხაზეთში, თუმცა არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
„აფხაზეთის აღმოსავლეთ რეგიონში გაცემული ყველა პასპორტი ძალადაკარგულია, რადგან ისინი უკანონო კომისიების მიერ იყო გაცემული. ამის შესახებ პარლამენტის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც პასპორტიზაციის საკითხთან დაკავშირებით იქნა მიღებული. ვიცით, რომ გალის რაიონში მცხოვრებთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა. შესაბამისად, იმ 25-26 ათასი გაცემული პასპორტის საკითხი შემდეგნაირად უნდა დავაყენოთ: ამ ადამიანებს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ, სანამ ყველა ის საკითხი არ მოიხსნება, რომელიც მათთვის პასპორტების უხეში დარღვევით გაცემას უკავშირდება“-განაცხადა ხაჯიმბამ.