უახლესი ამბები

გაეროს შტაბ-ბინაში გიორგი კვირიკაშვილისა და ანტონიუ გუტერეშის შეხვედრა გაიმართა

22 09 2017 | ავტორი: admin
გაეროს შტაბ-ბინაში გიორგი კვირიკაშვილისა და ანტონიუ გუტერეშის შეხვედრა გაიმართა
გარესამყარო
0

გაეროს შტაბ-ბინაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა და ჩართულობის პოლიტიკისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები.

გაეროს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მისთვის კარგად არის ცნობილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, განსაკუთრებით იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა. 


მხარეებმა დეტალურად განიხილეს ე.წ ბორდერიზაციის პრობლემა, ის სირთულეები, რომელსაც აწყდებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველები, განსაკუთრებით ე.წ გამშვები პუნქტების დახურვის ფონზე.

ასევე, წუხილი გამოითქვა გალის რაიონში სკოლებში ქართულ ენაზე სწავლის აკრძალვასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობას და მასში გაეროს და მისი წარმომადგენლის აქტიურ ჩართულობას.

გენერალურმა მდივანმა განსაკუთრებული კმაყოფილება გამოხატა საქართველოს ხელისუფლების თანმიმდევრული პოზიციის გამო, კონფლიქტის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, იმ მძიმე გამოწვევების ფონზე, რომელიც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე და განაცხადა, რომ საქართველოს გაეროს სრული მხარდაჭერა აქვს. გენერალური მდივნის მოწონება დაიმსახურა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა ჩართულობის პოლიტიკისა და ნდობის აღდგენის კუთხით.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საქართველო კვლავაც იქნება გაერო-ს დღის წესრიგის მთავარ პრიორიტეტებში.

პრემიერ-მინისტრმა გაეროს საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.