უახლესი ამბები

კარლეს პუჩდემონისთვის ესპანეთის ხელისუფლების მიერ მიცემული ულტიმატუმის ვადა იწურება

19 10 2017 | ავტორი: admin
კარლეს პუჩდემონისთვის ესპანეთის ხელისუფლების მიერ მიცემული ულტიმატუმის ვადა იწურება
გარესამყარო
0

მადრიდის მიერ კატალონიის მეთაურისთვის დაწესებული ულტიმატუმის ვადა რამდენიმე საათში იწურება. ესპანეთის ხელისუფლება კარლეს პუჩდემონისგან მარტივ პასუხს ელოდება – აღიარა თუ არა მან კატალონია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.

დადებითი პასუხის შემთხვევაში, კატალონიის მეთაურისგან ამ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მადრიდი კონსტიტუციის 155-ე მუხლს აამოქმედებს, რომლითაც კატალონიის ავტონომიას დროებით გააუქმებს. 

გუშინ საღამოს კატალონიაში მთავრობის საგანგებო სხდომა გაიმართა. კატალონიის საპარლამენტო პარტიების ნაწილი რეგიონის მეთაურს მოუწოდებს, დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ ხელმოწერილი ე.წ. დეკლარაცია გააუქმოს. თუმცა ამ დრომდე უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პუჩდემონი. 

კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ ე.წ. რეფერენდუმი 1-ელ ოქტომბერს გაიმართა, ხოლო 10 ოქტომბერს ადგილობრივი მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ სიმბოლურად ხელს აწერს კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადების დეკლარაციას, რომელიც მადრიდთან მოლაპარაკებების დასრულებამდე არ ამოქმედდება.