ფილიპინების დედაქალაქ მანილაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტი გაიხსნა. 31-ე სამიტის ფარგლებში ღონისძიებების ძირითადი ნაწილი 13-14 ნოემბერსაა დაგეგმილი.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტი ფილიპინების ხელმძღვანელობით უკვე მეორედ გაიმართება. მიმდინარე წლის აპრილში გამართულ სამიტში მხოლოდ ASEAN-ის ლიდერებმა მიიღეს მონაწილეობა, ამჯერად კი შეხვედრებში პარტნიორი ქვეყნების ლიდერებიც იქნებიან ჩართული.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია 1967 წლის 8 აგვისტოს ბანგკოკში დაარსდა. თავდაპირველად მის შემადგენლობაში შედიოდნენ ინდონეზია, მალაიზია, სინგაპური, ტაილანდი და ფილიპინები. მოგვიანებით მათ შეუერთდა ბრუნეი, ვიეტნამი, ლაოსი, მიანმარი და კამბოჯა.
სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ხელისუფლების ლიდერები 20 სახელმწიფოდან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი, იაპონიის პრემიერ-მინისტრი სინძო აბე და კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო.