უახლესი ამბები

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით აშშ ისრაელის დედაქალაქად ცალმხრივად იერუსალიმს ცნობს

06 12 2017 | ავტორი: admin
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით აშშ ისრაელის დედაქალაქად ცალმხრივად იერუსალიმს ცნობს
გარესამყარო
0

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ცალმხრივად ცნობის გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ თეთრი სახლის ადმინისტრაციაში განაცხადეს.

თუმცა, მათივე ცნობით, პრეზიდენტი აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში დაუყოვნებლივ გადატანას არ გეგმავს.

ეს ამბავი წინ უსწრებს ოთხშაბათს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დაგეგმილ გამოსვლას, სადაც მან საკუთარი გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს.

მანამდე, ტრამპმა არაბ ლიდერებს იერუსალიმთან დაკავშირებული გეგმების შესახებ პირადად ამცნო. მან სატელეფონო საუბრები გამართა პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან, იორდანიის მეფე აბდულასთან, ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფათაჰ ალ-სისისთანდა საუდის არაბეთის მეფე სალმანთან. მათი უმეტესობა მიიჩნევს, რომ აშშ-ის ეს ნაბიჯი რეგიონში კონფლიქტს გაამწვავებს. არაბი ლიდერების შეფასებით, ეს გადაწყვეტილება მუსლიმების მიმართ აშკარა პროვოკაციად შეიძლება შეფასდეს.

იერუსალიმის სტატუსი, რომელიც ისრაელელებისა და პალესტინელებისთვის წმინდა ადგილს წარმოადგენს, უკიდურესად სადავო საკითხია.

ისრაელი ქალაქს ყოველთვის საკუთარ დედაქალაქად მიიჩნევდა, როცა იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილს პალესტინელები იჩემებენ. ამ დავის გამო, საერთაშორისო ორგანიზაციები და საელჩოები თელ-ავივშია განთავსებული.

საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის გადაწყვეტილება აშშ-ის კონგრესმა 1995 წელს მიიღო. თუმცა ამ ქალაქის სადავო სტატუსისა და არაბულ-მუსლიმური სამყაროსთვის საკითხის სენსიტიურობის გამო, შეერთებული შტატების ყველა პრეზიდენტი ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ ხელს აწერდა ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის გადავადებას.