უახლესი ამბები

გაერომ იერუსალიმის სტატუსის უცვლელობის რეზოლუცია დაამტკიცა

21 12 2017 | ავტორი: admin
გაერომ იერუსალიმის სტატუსის უცვლელობის რეზოლუცია დაამტკიცა
გარესამყარო
0

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას იერუსალიმის სტატუსის უცვლელობის შესახებ.

გენერალურ ასამბლეაზე გამართულ კენჭისყრაზე რეზოლუციას 128 წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, ცხრა წინააღმდეგ წავიდა, 35-მა კი თავი შეიკავა.

რეზოლუცია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების საპასუხოდ თურქეთისა და იემენის მიერ მომზადდა, თუმცა მისი თანაავტორი მოგვიანებით გაეროს წევრი 36 ქვეყანა გახდა.

იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით რეზოლუციაში აშშ ნახსენები არ არის, თუმცა დოკუმენტში წერია, რომ წმინდა ქალაქის სტატუსის შეცვლას კანონიერი ძალა არ უნდა ჰქონდეს.

კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმ ქვეყნებს დაემუქრა, რომლებიც დახმარებას აშშ-ისგან იღებენ.

„ისინი ასობით მილიონობით, მილიარდობით დოლარს იღებენ ჩვენგან და შემდეგ ხმას ჩვენ წინააღმდეგ აძლევენ. მიეცით უფლება ასე მოიქცნენ, ჩვენ უფრო მეტ თანხას დავზოგავთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მანამდე გაეროში აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ ტრამპისგან მიიღო დავალება, ჩაინიშნოს ის ქვეყნები, რომლებიც ხმას აშშ-ის წინააღმდეგ მისცემენ.

ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად დეკემბრის დასაწყისში აღიარა, რასაც მსოფლიოს მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. გაეროს უშიშროების საბჭოზე კენჭი უყარეს რეზოლუციას, რომელშიც წმინდა ქალაქის სტატუსის შეცვლა უკანონოდ უნდა გამოცხადებულიყო.

დოკუმენტს მხარი საბჭოს 14 წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო აშშ, რომელიც ვეტოს უფლებით სარგებლობს. სწორედ ამის გამო დაინიშნა გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომა, რომელზეც დღეს იმავე რეზოლუციას უყარეს კენჭი და დაამტკიცეს.