უახლესი ამბები

კატალონიის ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა

17 01 2018 | ავტორი: admin
კატალონიის ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა
გარესამყარო
0

კატალონიაში ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარედ კატალონიის მემარცხენე „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატი როჯერ ტორენტი აირჩიეს. ტორენტს მხარი 135 იდან 65-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ახალი სპიკერის არჩევის შემდეგ, პოლიტიკური ძალები კატალონიის ჟენერალიტეტის ახალი თავმჯდომარის კანდიდატურაზე კონსულტაციებს დაიწყებენ. ამისთვის მათ 10 დღე ექნებათ, რის შემდეგაც პარლამენტში ამ საკითხზე დებატები უნდა გაიმართოს.

ვინ დაიკავებს კატალონიის ლიდერის თანამდებობას, ჯერ უცნობი რჩება. ახალი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ცენტრისტებს საკუთარი კანდიდატურის წამოყენებისთვის ხმები არ ჰყოფნით, ხოლო მოძრაობა “ერთად კატალონიისთვის” ითხოვს, რომ ავტონომიას კარლეს პუჩდემონმა უხელმძღვანელოს.

ბრიუსელში მყოფი კატალონიის ყოფილი ლიდერის წინააღმდეგ ესპანეთში გამოძიება მიმდინარეობს და პროკურატურამ მისი დაპატიმრების ბრძანება გასცა. ამიტომ პუჩდემონი ითხოვს, რომ ის ამ თანამდებობაზე დისტანციურად აირჩიონ, რასაც მადრიდში ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რონ ეს კანონს არ შეესაბამება. ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, თუ კატალონიის ახალ მეთაურად პუიჩდემონს აირჩევენ, ავტონომიაში მოქმედი სპეციალური რეჟიმი არ გაუქმდება და კონსტიტუციის 155-ე მუხლის მოქმედება გახანგრძლივდება.

კატალონიაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 21 დეკემბერს გაიმართა. შედეგად, ცენტრისტებმა, რომლებიც ესპანეთის ერთიანობას უჭერენ მხარს 36 მანდატი მიიღეს, ხოლო პუჩდემონის კოალიციამ “ერთად კატალონიისთვის” 34 მანდატი. პატიმრობაში მყოფი კატალონიის მეთაურის ყოფილი მოადგილის ორიოლ ჟუნკერესის პარტიას ახალ პარლამენტში 32 დეპუტატი ჰყავს. სოციალისტებმა 17 მანდატი მიიღეს.

ულტრამემარცხენე პოლიტიკურმა გაერთიანებამ და ესპანეთის მმართველი პარტიამ 4-4 მანდატი დაიმსახურეს.
შედეგად, კატალონიის ახალ პარლამენტში ესპანეთისგან გამოყოფის მომხრეებს საერთო ჯამში 70 დეპუტატი ეყოლებათ.