უახლესი ამბები

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით გამარჯვება ვლადიმერ პუტინმა მოიპოვა

19 03 2018 | ავტორი: admin
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით გამარჯვება ვლადიმერ პუტინმა მოიპოვა
გარესამყარო
0

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმების 99%-ის დათვლის შემდეგ, ვლადიმერ პუტინი 76,65%-ით ლიდერობს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე პუტინს მხარი 55 მილიონ 403 971-მა ადამიანმა დაუჭირა.

მეორე ადგილზე პაველ გრუდინინია არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების 11,81 პროცენტით. მას ვლადიმერ ჟირინოვსკი მოსდევს 5,67 პროცენტით. ქსენია სობჩაკმა კი 1,66%-იანი მხარდაჭერა მიიღო.

პირველებმა პუტინს გამარჯვება სერბეთის პრეზიდენტმა და პრემიერმა მიულოცეს. მათ მადლობა გადაუხადეს პუტინს „იმ წვლილისთვის, რაც მას რუსეთ-სერბეთის მეგობრობის შენარჩუნებაში აქვს ჩადებული. ასევე, მხარდაჭერისთვის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში“.

ასევე, ერთ-ერთი პირველი იყო ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი, რომელმაც პუტინს გამარჯვება მიულოცა და გასავლელ გზაზე წარმატებები უსურვა.

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინის გამარჯვებას მიესალმება ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესიც.
გამარჯვება მიულოცეს ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ, ყაზახეთის პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა და კუბის ლიდერმა, რაულ კასტრომ.

პუტინისთვის გამარჯვების მიმლოცველებს შორის ერთ-ერთი პირველი იყო ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი რაულ ხაჯიმბაც.

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ უკანონო უწოდა ყირიმის ნახევარკუნძულზე ჩატარებული არჩევნების შედეგებს. მისი განცხადებით, ერთადერთი პრეზიდენტი, რომელსაც ყირიმის მცხოვრებლები აირჩევენ, უკრაინის პრეზიდენტია.

თავად ვლადიმერ პუტინმა კი არჩევნებზე დაფიქსირებული შედეგებით კმაყოფილება გამოთქვა. დასმულ შეკითხვაზე, შეიცვლება თუ არა ის ახალი ვადით პრეზიდენტობისას, პუტინმა ბერძენი ფილოსოფოსის, ჰერაკლიტეს ციტატით გასცა პასუხი: „ყველაფერი მდინარესავით მიედინება, ყველაფერი ცვლადია, მათ შორის ჩვენც ვიცვლებით“.