უახლესი ამბები

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი შედეგებით რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმარჯვებს

25 06 2018 | ავტორი: admin
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი შედეგებით რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმარჯვებს
გარესამყარო
0

თურქ​ეთში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების 99,16 პროცენტის დათვლის შედეგად, რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმარჯვებს. მოქმედმა პრეზიდენტმა ამომრჩეველთა ხმების 52,55 პროცენტი მოაგროვა.

მეორე ადგილზე გავიდა მთავარი ოპოზიციონერი, მუჰამედ ინჯე 30,67 პროცენტით. მესამე ადგილი სალაჰათინ დემირტაშს აქვს 8,36 პროცენტით. მეოთხე ადგილზეა მესალ აქშენერი 7,33 პროცენტით.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ხმების 99,1 პროცენტის დათვლის შედეგად, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის მოპოვება სახალხო ალიანსმა მოახერხა. მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ ამომრჩეველთა ხმების 42,49 პროცენტი მიიღო. ალიანსის წევრმა „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიამ“ კი 11,13 პროცენტი.

სახალხო ალიანსმა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 343 მანდატი მოიპოვა. შედეგად, ისინი საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას მოახერხებენ.

მთავარ ოპოზიციურ „სახალხო რესპუბლიკურ პარტიას“ კი ამომრჩეველთა ხმების 22,67 პროცენტი ხვდა წილად, შესაბამისად ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 146 მანდატით შევა.

10 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოახერხეს პროქურთულმა „სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ“ და „კარგმა პარტიამაც“. პროქურთულმა პარტიამ პარლამენტში 67, „კარგმა პარტიამ“ კი 44 სავარძელი მოიპოვა.