უახლესი ამბები

ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიას შეხვდა

17 07 2018 | ავტორი: admin
ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიას შეხვდა
პოლიტიკა
0

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიას შეხვდნენ.

შეხვედრაზე ვახტანგ ყოლბაიამ გააცნო ოკუპირებულ აფხაზეთში სოფლის მეურნეობის კუთხით არსებული ვითარება და ის გამოწვევები, რომლის წინაშეც იქ დარჩენილი მოსახლეობა დგას. აღინიშნა ის ფაქტი, რომ გალის რაიონის მაცხოვრებლები ტრადიციულად სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულნი, ამიტომ ბოლო წლებში სხვადასხვა სახის დაავადებებისა და მავნებელი მწერების გავრცელებით მნიშვნელოვნად დაზიანდა თხილისა და ციტრუსის ნარგავები, რამაც ადგილობრივ მოსახლეობაში ისედაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

საუბარი შეეხო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სახელმწიფო სტრატეგიას, მიდგომებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებისთვის ყველა იმ რესურსზე ხელმისაწვდომობას, რაც ცენტრალურმა მთავრობამ შეიმუშავა.

ისაუბრეს ახალი სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე მოწეული პროდუქციის საერთშორისო ბაზარზე გატანის შესაძლებლობაზე, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს იქ არსებულ ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას, ასევე ხელს შეუწყობს ენგურის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენასა და ურთიერთობების გაღრმავებას.

ასევე, ვახტანგ ყოლბაიამ ყურადღება გაამახვილა დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების აგრარულ პროექტებში უფრო აქტიურად ჩართვის აუცილებლობაზე, რაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას.

შეხვედრას კავშირი-ასოციაცია „აგორას” დირექტორი თენგიზ სვანიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა ესწრებოდნენ.