უახლესი ამბები

საქართველოსა და მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარეების შეხვედრა გაიმართა

01 03 2018 | ავტორი: admin
საქართველოსა და მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარეების შეხვედრა გაიმართა
საქართველო და გარესამყარო
0

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც ვიზიტით მოლდოვის რესპუბლიკაში იმყოფება, მოლდოველ კოლეგას ანდრიან კანდუს შეხვდა.

მხარეებმა 2 მარტს მოლდოვაში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის შესახებ ისაუბრეს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის, მოლდოვას პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარეები გაუძღვებიან. შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნეს ამ ღონისძიების, სამმხრივი ურთიერთობისა და საერთაშორისო ფორმატებში კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობა.

საუბარი შეეხო საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის საპარლამენტო განზომილებასა და ამ მიმართულებით, ურთიერთობის გააქტიურებას.

მხარეებმა ქვეყნების წინაშე არსებულ საერთო გამოწვევებზე იმსჯელეს და რეგიონში შექმნილი ვითარება განიხილეს. ირაკლი კობახიძემ და ანდრიან კანდუმ საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა დაადასტურეს.

„დღეს დაიწყო ჩვენი ოფიციალური ვიზიტი მოლდოვაში. შევხვდით ჩემს კოლეგას, მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარეს. შეხვედრაზე განვიხილეთ როგორც ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე, ჩვენი თანამშრომლობის მრავალმხრივი ასპექტები. ხვალ გაიმართება ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება სამი სპიკერის: ჩემი, ასევე, უკრაინელი და მოლდოველი კოლეგების მასპინძლობით და ატლანტიკური საბჭოს თანამონაწილეობით. ეს ღონისძიება დაგვეხმარება, რომ კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები, მათ შორის, სამმხრივი ურთიერთობები მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოს შორის და ეს, თავისთავად, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ ერთად მივაღწიოთ საერთო მიზნებს. ჩვენ გვაქვს საერთო მიზნები, საერთო გამოწვევები და საჭიროა ჩვენი ერთად დგომა, ჩვენი თანამშრომლობა იმისთვის, რომ ამ მიზნებს მივაღწიოთ“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ.