უახლესი ამბები

მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

19 04 2014 | ავტორი: admin
მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
საზოგადოება
0

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. სასწაული კიდევ ერთხელ განმეორდა. ზეციური ცეცხლის გადმოსვლა მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების ჭეშმარიტებისა და მასში მადლის არსებობის უტყუარი ნიშანია.

საფლავთან შეკრებილი მრევლისთვის წმინდა ცეცხლი, რომლის გარდამოსვლასაც მორწმუნენი დღეს დილიდან ელოდებოდნენ, იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა თეოფილემ გამოიტანა. ათასობით მორწმუნე ცეცხლს ერთმანეთს უნაწილებს.
იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში, უფლის საფლავზე თბილისის დროით, დაახლოებით, 15:11 საათზე შევიდა, რის შემდეგაც საფლავი დაიხურა. მანამდე პატრიარქი სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა გაჩხრიკეს, აგრეთვე – ებრაული პოლიციის წარმომადგენლებმა. ცეცხლი საფლავიდან დაახლოებით 15:16 საათზე გადმოვიდა.

მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქმა საგანგებო ლოცვები შეასრულა.

წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ, მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდანაც.

მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.