უახლესი ამბები

ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთიდან დევნილებს აღდგომის დამდეგი ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა

19 04 2014 | ავტორი: admin
ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთიდან დევნილებს აღდგომის დამდეგი ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა
საზოგადოება
0

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ლილოს დასახლებაში მცხოვრებ აფხაზებს და ჭირნახულის #16 –ში ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილებს ესტუმრა. ვახტანგ ყოლბაიამ მათ აღდგომის დამდეგი ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა, სააღდგომო ნობათი გადასცა და იძულებით და მათ პრობლემებსაც გაეცნო.

ვახტანგ ყოლბაიამ მსგავსი შეხვედრების აუცილებლობასთან ერთად ისაუბრა იმაზეც, რამდენად მნიშვნელოვანია ყოველი მათგანისთვის ყურადღება, თანადგომა. ხშირი შეხვედრები, ერთმანეთის გამხნევება და რაღა თქმა უნდა, მათი პრობლემების გადაწყვეტა.

„საჩუქრებით თავის მოწონება არ არის ჩვენი მიზანი. ეს აბსოლუტურად სიმბოლურია იმ ბრწყინვალე დღესასწაულის ფონზე, რომელსაც მთელი მართლმადიდებლური სამყარო ელოდება. ჩვენ ყველას გვაკლია ერთად ყოფნა, ასეთი შეხვედრები კი გვაგონებს იმ დროს, როცა აფხაზებთან ერთად ვცხოვრობდით, ვშრომობდით, გვიხაროდა, გვწყინდა, ლხინში და ჭირში ერთად ვიყავით. აფხაზეთიდან დევნილ ხალხს ეს ძალიან გვაკლია. გვაკლია აფხაზური ენის მოსმენა, გვაკლია ეს ურთიერთობა და განწყობა, რომელიც სხვაგვარი სითბოთი იყო გაჟღენთილი. თქვენ კი ის ადამიანები ხართ, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეთ, რათა ქართულ-აფზაური ურთიერთობები მოწესრიგებულიყო. თქვენ ხედავთ, რომ ჩვენი მხრიდან, ქართული ხელისუფლების მხრიდან, თქვენდამი დამოკიდებულება არის განსაკუთრებული, გულწრფელი, მოკრძალებული და ვხედავთ, რომ თქვენ ამას აფასებთ. თქვენ გაიღეთ და დათმეთ ყველაფერი. ამიტომ, ჩვენ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ქართული ხელისუფლება, ქართული სახელმწიფო აფასებს ამ გარჯას, ამ განწყობას. იცოდეთ, რომ თქვენ მარტო არა ხართ. თქვენს ყველა წამოწყებას მივესალმებით და მხურვალე მონაწილეობას მივიღებთ მათ გადწყვეტაში. მუდამ თქვენს გვერდით გვიგულეთ. გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ღვთის მადლი ნუ მოგკლებოდეთ თქვენ და თქვენს ახლობლებს“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.


ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით მოეწყო და მას დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით გვაძაბიაც ესწრებოდა.

სააღდგომო საჩუქრები კომპანიებმა: „IDS ბორჯომი საქართველომ“, „იფქლმა“, „ნატახტარმა“ „ტკბილმა ქვეყანამ“ და ,„ბინეხმა“ უზრუნველყვეს.