უახლესი ამბები

დონალდ ტრამპი: მთავრობა იქამდე არ განაახლებს მუშაობას, სანამ კონგრესი მექსიკასთან კედლის მშენებლობისათვის დაფინანსებას არ გამოყოფს

26 12 2018 | ავტორი: admin
დონალდ ტრამპი: მთავრობა იქამდე არ განაახლებს მუშაობას, სანამ კონგრესი მექსიკასთან კედლის მშენებლობისათვის დაფინანსებას არ გამოყოფს
გარესამყარო
0

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ქვეყნის ფედერალური მთავრობა მუშაობას არ განაახლებს, ვიდრე „დემოკრატები“ კონგრესში მექსიკასთან საზღვარზე კედლის აშენებისთვის დაფინანსებას არ გამოყოფენ.

„ვერ გეტყვით თუ როდის განაახლებს მთავრობა მუშაობას. ის შემიძლია გითხრათ, რომ მთავრობა მანამ არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ გვექნება კედელი. ეს არის ბარიერი იმ ხალხისგან, ვინც ჩვენს ქვეყანაში არალეგალურად შემოდის, ეს არის ბარიერი ნარკოტიკების წინააღმდეგ. თუ ჩვენ კედელი არ გვექნება, მუშაობას არ გავანახლებთ“, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

აშშ-ს მთავრობამ დაფინანსების არარსებობის გამო მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა. ე.წ. „შათდაუნი“ იმის შედეგი გახდა, რომ კონგრესში „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ ვერ შეთანხმდნენ მექსიკის საზღვართან კედლის აშენების დაფინანსების საკითხზე, რასაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოითხოვს.

ამ ეტაპზე ამერიკელმა კანონმდებლებმა ჯერ კიდევ ვერ მიიღეს 2019 წლის ბიუჯეტი. დაფინანსების არარსებობის გამო ფედერალური სამთავრობო უწყებების მეოთხედი, კერძოდ, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტი, ხაზინის დეპარტამენტი, ვაჭრობის დეპარტამენტი და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი, დაფინანსების გარეშე რჩებიან.

შეგახსენებთ, რომ 20 დეკემბერს წარმომადგენელთა პალატამ ბიუჯეტის კანონპროექტში 5,7 მილიარდი აშშ დოლარი ჩადო მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობის დაფინანსებისთვის, თუმცა სენატის „დემოკრატებმა“ განაცხადეს, რომ დაბლოკავდნენ ნებისმიერ რეზოლუციას, რომელიც კედლის დაფინანსებას ითვალისწინებს.