უახლესი ამბები

აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა იწყება

26 03 2019 | ავტორი: admin
აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა იწყება
გარესამყარო
0

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა მექსიკასთან საზღვარზე კედლის ასაშენებლად ერთი მილიარდი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა. როგორც პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, აღნიშნული თანხით აშენდება ტეხასში, ელ-პასოს რაიონში კედლის 91-კილომეტრიანი მონაკვეთი. აშშ-ის თავდაცვის უწყების ცნობით, ფულის გამოყოფა საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა.

შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესმა მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

საგანგებო მდგომარეობა მას აძლევს საშუალებას, სამხრეთის საზღვარზე კედლის ასაშენებლად საჭირო თანხა კონგრესის გვერდის ავლით მიიღოს. აშშ-ის სენატმა საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას დაუჭირა მხარი, თუმცა პრეზიდენტმა სენატის გადაწყვეტილებას ვეტო დაადო.

კედლის მშენებლობის დაფინანსებასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, 2018 წლის დეკემბერში კონგრესი ბიუჯეტზე ვერ შეთანხმდა, რაც აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი „შატდაუნის“ მიზეზი გახდა. აშშ-ის სახელმწიფო უწყებებმა მუშაობა 35 დღით შეაჩერეს. დონალდ ტრამპი კედლის ასაშენებლად 5,7 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვდა.