უახლესი ამბები

ფინეთში სერგეი ლავროვისა და მაიკ პომპეოს შეხვედრა გაიმართა

06 05 2019 | ავტორი: admin
ფინეთში სერგეი ლავროვისა და მაიკ პომპეოს შეხვედრა გაიმართა
გარესამყარო
0

ფინეთის ქალაქ როვანიემიში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა. ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრის მთავარი თემა ვენესუელაში შექმნილი ვითარება იყო.

სერგეი ლავროვთან შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, მაიკ პომპეომ რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს ვენესუელაში ვითარების დესტაბილიზაცია.

„მე ვაპირებ, რომ მას (ლავროვს) ვუთხრა იგივე, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა მსოფლიოს უთხრა: რომ ყველა ქვეყანა უნდა გავიდეს (ვენესუელადან), მათ შორის რუსეთი. ამის თქმას ვაპირებ მისთვის. ჩვენ არ გვინდა, რომ ვინმე ერეოდეს ვენესუელას საშინაო საქმეებში“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში.

ფინეთში გამგზავრებამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვში ვენესუელას საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართა მოლაპარაკებები.
ეს მაიკ პომპეოსა და სერგეი ლავროვს შორის მეორე ოფიციალური მოლაპარაკებებია. წინა შეხვედრა 2018 წლის ივლისში, ჰელსინკიში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის პარალელურად გაიმართა.