საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩავიდა.
„დავბრუნდი უკრაინაში, სადაც ჩემი ცხოვრების 12 წელზე მეტი ვიცხოვრე, სადაც ვსწავლობდი, ვმსახურობდი შეიარაღებულ ძალებში, ვმონაწილეობდი ორ მაიდანში. დავბრუნდი ქვეყანაში, რომელიც მიყვარს. აქ ვინმეს დასასჯელად, რამის დასანგრევად არ ჩამოვსულვარ. შურისძიება ჩემი სტილი არ არის“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
„უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა გამაძევა ვარშავაში. დღეს მე ვარშავიდან კვლავ დავბრუნდი იმ აეროპორტში, საიდანაც გამაძევეს, რადგან სასამართლოს წინააღმდეგ ხმა ავიმაღლე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
„ძალიან ბედნიერი ვარ. მჯერა, რომ უკრაინას ყველაფერი გამოუვა. დღეს მე სავსე ვარ ემოციებით. მადლობელი ვარ ყველა თქვენგანის, ვინც დღეს დამხვდა, ვინც გამაცილა ვარშავის აეროპორტიდან“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას უკრაინის პრეზიდენტთან რაიმე თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ გაუმართავს.
28 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი კიევში დღეს ჩავიდა.