უახლესი ამბები

სიმონ მიმინოშვილის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა და სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

26 06 2014 | ავტორი: admin
სიმონ მიმინოშვილის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა და სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
მეცნიერება
0

26-27 ივნისს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, ცნობილი ოფთალმოლოგის, აფხაზეთისა და საქართველოს დამსახურებული ექიმის სიმონ მიმინოშვილის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა და სამეცნიერო კონფერენცია იმართება.

სიმონ მიმინოშვილი მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიის და გამოგონების ავტორია, მათ შორის დღესაც პრაქტიკაში ფართოდაა გავრცელებული ოფთალმოლოგიური მაკრატლის (მიმინოშვილის მაკრატელი), პინცეტისა და ქირურგიული სკალპელის ავტორის გამოგონება.

საიუბილეო სხდომაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, ასევე სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებმა.

ღონისძიება აფხაზეთის ა/რ მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთის ა/რ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება.

ვახტანგ ყოლბაიამ სიმონ მიმინოშვილის დამსახურებასა და ღვაწლზე ისაუბრა.

„სიმონ მიმინოშვილი მიეკუთნება ადამიანთა იმ კატეგორიას, რომლებიც თავიანთი ცხოვრებით იძლევიან კეთილშობილების, მეცნიერის მაღალი პასუხისმგებლობის და სამოქალაქო შეგნების მაგალითს. მან თავისი ცხოვრება სანიმუშოდ, ღირსეულად განვლო. ის იყო როგორც სოხუმელებს უყვართ თქმა „კარენნოი სუხუმჩანინ“, დაბადებული და გაზრდილი სოხუმში, დიდებულ, ტრადიციულ ოჯახში. სიმონ მიმინოშვილმა და მისმა ძმამ ძალიან დიდი კვალი დატოვეს ზოგადად კულტურულ და, რაღა თქმა უნდა, სამეცნიერო ცხოვრებაში. მედიცინაში, ოფთალმოლოგიის დარგში ბატონი სიმონის დამსახურება დაუფასებელია. იგი ყოველმხრივ განვითარებული პიროვნებაც გახლდათ, მედიცინის შემდეგ მისი ყველაზე დიდი გატაცება პოეზია იყო. მას ძალიან მდიდარი ბიოგრაფია აქვს. სიმონ მიმინოშვილის სამეცნიერო დისერტაცია, რომელიც 1950-60 – იან წლებში დაიცვა, გამორჩეული იყო პრაქტიკულ მასალაზე შემუშავებული დიაგნოსტიკური გამოკვლევებით. აღსანიშნავია, რომ მან ფეხდაფეხ დაიარა ყოველი ოჯახი აფხაზეთში, ყოველი მათგანის ავადმყოფობის ისტორია დაუქვემდებარა გამოწვლილვით კვლევას. სწორედ ამ მასალაზე დაყრდნობით შექმნა ბატონმა სიმონმა თავისი გიგანტური ნაშრომი, რომელიც დღესაც სამაგიდო წიგნია უამრავი ოფთალმოლოგისთვის. სიმონ მიმინოშვილის სახელით დღესაც და მომავალშიც იამაყებს საქართველოს სამედიცინო საზოგადოება. იგი იმ პლეადის ბრწყინვალე წარმომადგენელია, რომლითაც სოხუმელები განსაკუთრებით ამაყობენ. დარწმუნებული ვარ, მისი სახელსა და დაბადების დღეს სოხუმში ფართოდ თუ არა, ვიწრო წრეში მაინც აღნიშნავენ, თბილად მოიხსენიებენ, როგორც მკურნალს, მეცნიერს და ბრწყინვალე დასტაქარს. მისი გონება და სულიერი ენერგიის რესურსი მუდმივად სიკეთის, სიყვარულის და ადამიანების თვალის ჩინის სიმრთელეზე ნაწილდებოდა. აფხაზეთში და დანარჩენ საქართველოში არასოდეს დაივიწყებენ მის სახელს“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.