უახლესი ამბები

ირაკლი ალასანია: „ბოლო ხანს სოკოებივით მრავლდებიან ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაციები“

22 04 2014 | ავტორი: admin
ირაკლი ალასანია: „ბოლო ხანს სოკოებივით მრავლდებიან ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაციები“
პოლიტიკა
0

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, საზოგადოებაში განხეთქილების შეტანის მიზნით, ბოლო ხანს სოკოებივით მრავლდებიან ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაციები.

ამის შესახებ ალასანიამ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში, იმ მოსაზრების საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, რუსეთი ჯავახეთში პროვოკაციის მოწყობას შეეცდება, ვინაიდან მისი მიზანია, პირდაპირი სახმელეთო კავშირის გაჭრა სომხეთთან.

„ჩვენ საფრთხის მრავალ ვარიანტს განვიხილავთ. ჯავახეთზე ვიტყვი, რომ აბსოლუტურად ლოგიკურია ამგვარი საფრთხე, რადგან რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებს საჯაროდ განცხადებები აქვთ გაკეთებული. იმ ინფორმაციის მიხედვით, რაც თავდაცვისა და შს სამინისტროებს დღეს აქვთ, ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ. ერთობლივი ოპერატიული მუშაობით, ამ პროცესში ჩართული ადამიანური რესურსით, ყველაფერი კეთდება, რათა არ დავუშვათ ჯავახეთში ხელოვნური დაპირისპირებების პროვოცირება. რაც შეეხება ჩვენი მოქალაქეებისთვის რუსული პასპორტების დარიგებას, როგორც საგარეო და შს სამინისტროებიდან გვაქვს ინფორმაცია, საგანგაშო არაფერია. ჯავახეთის მოსახლეთა ნაწილს აქამდეც ჰქონდა ორმაგი – ქართული და სომხური ან ქართული და რუსული მოქალაქეობა, მაგრამ ამას ეროვნული უშიშროებისთვის საფრთხე არ შეუქმნია. საზოგადოებაში განხეთქილების შეტანის მიზნით, ბოლო ხანს სოკოებივით მრავლდებიან ანტისახელმწიფოებრივი ორგანოზაციები. ეს რუსეთის მეთოდია, რისი გამოყენებაც უკვე სცადა აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში. რუსეთი ცდილობს, საგარეო კურსის თაობაზე საზოგადოებრივი აზრის გახლეჩით დაშალოს ეს საზოგადოება, რათა მერე თავისი გავლენა ადვილად მოგვახვიოს თავზე. სწორედ ასე მოიქცა უკრაინაშიც. ამას ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ერთიანობა და მივცეთ საშუალება კონტრდაზვერვით ორგანოებს, შს სამინისტროს, იმოქმედონ კანონის შესაბამისად და მოახდინონ ამგვარი საფრთხეების პრევენცია“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ.

ირაკლია ალასანიასთან ინტერვიუ „კვირის პალიტრის“ 21 აპრილის ნომერში გამოქვეყნდა.