უახლესი ამბები

საქართველოს საგარეო უწყება რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ კანონს ეხმიანება

22 04 2014 | ავტორი: admin
საქართველოს საგარეო უწყება რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ კანონს ეხმიანება
პოლიტიკა
0

ოფიციალური თბილისი რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ იმ კანონს ეხმიანება, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის რუსული პასპორტების გამარტივებული წესით გაცემას ითვალისწინებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი ამბობს, რომ უწყება პასპორტიზაციის პროცესს ყურადღებით დააკვირდება და, კანონმდებლობის პასუხად, ოფიციალური თბილისი სამართლებრივ ზომებს აუცილებლად მიიღებს.

მანამდე კი სამინისტრო მოქალაქეებს მიმართავს და აფრთხილებს, რომ რუსული პასპორტის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობას ავტომატურად დაკარგავენ.

„ეს კანონი ჩვენთვის ცნობილია. ჩვენი იურისტები მას გულდასმით სწავლობენ გამომდინარე იქედან, რომ აუცილებელია გარკვეული სამართლებრივი კონტრზომებით პასუხი“, – განაცხადა ზალკალიანმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა სახელმწიფო სათათბიროს მიერ მიღებულ კანონს, რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებასთან დაკავშირებით იმ თანამემამულეებისთვის, რომლებიც თავისუფლად ფლობენ რუსულ ენას.

ახალი კანონით, უცხოეთის მოქალაქემ ან მოქალაქეობის არმქონე პირმა სპეციალურ კომისიაში უნდა გაიაროს გასაუბრება, რომელიც ადგენს, არის თუ არა უცხოელი რუსული ენის მცოდნე. ასეთ ადამიანად მიიჩნევა პირი, რომელიც ფლობს რუსულ ენას და ყოველდღიურად იყენებს მას ოჯახში და “კულტურულ სფეროში”. გასაუბრების გავლა შეუძლიათ ადამიანებს, რომლებიც თვითონ ან რომელთა ნათესავები პირდაპირი ხაზით ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ან რუსეთის იმპერიაში და თანამედროვე რუსეთის საზღვრებში.

რუსეთის ფედერალური საემიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, ეკატერინა ეგოროვას განცხადებით, კომისია არ შეამოწმებს, რამდენად გრამატიკულად საუბრობს ესა თუ ის პირი, არამედ შეამოწმებს იმას, თუ რამდენად თავისუფლად ფლობს ენას და იყენებს თუ არა მას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

დოკუმენტში ჩაწერილია, რომ ასეთი ადამიანების კატეგორიამ რუსეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობაზე უარი უნდა განაცხადოს.