უახლესი ამბები

იუსტიციის მინისტრი კატარის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

23 04 2014 | ავტორი: admin
იუსტიციის მინისტრი კატარის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
გარესამყარო
0

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოადგილეებთან − გოჩა ლორთქიფანიძესა და მიხეილ სარჯველაძესთან, ერთად დღეს კატარში პირველი მაღალი დონის შეხვედრები გამართა.

იუსტიციის მინისტრი კატარის პრემიერ-მინისტრს, რომელიც ამავე დროს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრიცაა, შეიხ აბდულა ბინ ნასერ ბინ ხალიფა ალ თანის შეხვდა.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად ელექტრონული მმართველობის განვითარების ასპექტებზეც ისაუბრეს და ერთმანეთს ამ მიმართულებით საქართველოსა და კატარის მიერ მიღწეული პროგრესი გაუზიარეს. აღნიშნულ საკითხში მჭიდრო თანამშრომლობა დაიგეგმა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მოქალაქეებისათვის სახელმწიფო სერვისების მიწოდების გამარტივება კატარის პრემიერ-მინისტრის პრიორიტეტია, რაშიც პარტნიორ ქვეყანას საქართველო თავისი გამოცდილების გაზიარებასა და აქტიურ თანამშრომლობას დაჰპირდა.

დღესვე თეა წულუკიანი მოადგილეებთან ერთად კატარის გენერალურ პროკურორს შეხვდა. შეხვედრაზე სახელისუფლებო შტოებს შორის პროკურატურის ადგილის განსაზღვრის შესახებ იმსჯელეს. ამასთან, კატარის გენერალურმა პროკურორმა საქართველოს იუსტიციის მინისტრს კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობა შესთავაზა.

კატარში იუსტიციის მინისტრის ვიზიტის მიზანი ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გამყარებაა. იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია დოჰაში ყატარის მხარის მიწვევით იმყოფება. ვიზიტი 24 აპრილს დასრულდება.