უახლესი ამბები

პარლამენტში ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების საკითხის განხილვა დაიწყო

18 07 2014 | ავტორი: admin
პარლამენტში ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების საკითხის განხილვა დაიწყო
კანონპროექტი
0

პარლამენტის სხდომაზე ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების საკითხის განხილვა დაიწყო. დოკუმენტს დეპუტატებს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე აცნობს.

„დღეს ევროკავშირი არის მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის სივრცე, რომელიც მრავალფეროვანი, განსხვავებული კულტურების და ისტორიული გამოცდილების გზაჯვარედინს წარმოადგენს.
ევროკავშირი არის სახელმწიფოთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომელსაც საფუძვლად ევროპული იდენტობა, საერთო ფასეულობები და სოლიდარობა უდევს, რაც თავის მხრივ თავისუფლების, დემოკრატიისა და ტოლერანტობის იდეას ემყარება. ევროკავშირი გულისხმობს ეროვნული და საერთო ინტერესების მუდმივ ბალანსს, ეროვნული ტრადიციების მრავალფეროვნებისა და ინდივიდუალურობის პატივისცემას.
საქართველო არის ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი. “ევროპელობა” სხვა არაფერია თუ არა იმ ღირებულებებისა და ფასეულობების ერთობლიობა, რომელიც ქმნის ევროპას. ევროკავშირი, რომლის დევიზია “ერთიანობა მრავალფეროვნებაში”, საქართველოსათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობისა და ტრადიციების, მდიდარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და განვითარების გრძელვადიანი გარანტია.
საქართველოც სწორედ ამ მიზნისკენ ისწრაფვის, რადგან ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იყო ევროპული ცივილიზაციის ნაწილი და ამას, უპირველეს ყოვლისა, საერთო ფასეულობები განაპირობებდა.
თავისუფლება, მშვიდობა და კეთილდღეობა – არის ის სამი განმსაზღვრელი ფაქტორი, რისთვისაც ქართველმა ხალხმა აირჩია ეს გზა.
საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საერთო ეროვნული თანხმობისა და საერთო ფასეულობების საფუძველზე ნებაყოფლობით ვირჩევთ ჩვენი მომავალი განვითარების ევროპულ გზას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს არის ჩვენი თაობის პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
მოხარულნი ვართ, რომ ასოცირების შეთანხმებას საზოგადოების ფართო მხარდაჭერა აქვს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმები წარმატებული მხოლოდ მაშინ იქნება და მხოლოდ მაშინ მოიტანს პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებს, როდესაც ეს ეროვნულ იდეად მოიაზრება.
მიუხედავად ამისა, ჩვენი ქვეყანა თანმიმდევრულად განაგრძობს წინსვლას ამ მიმართულებით და დღევანდელი დღე ჩვენი ძალისხმევის კიდევ ერთი დემონსტრირებაა.
ასოცირების შეთანხმება არის საქართველოს განვითარების, უსაფრთხოებისა და გამთლიანების გზაზე გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი და რეალური სამართლებრივი საფუძველი ევროპული გარდაქმნებისთვის. დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, კარგი მმართველობა უკვე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი ხდება, თუმცა ასოცირების შეთანხმება, ევროპული ნორმებისა და სტანდარტების დანერგვის გზით, საშუალებას გვაძლევს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება ჭეშმარიტად მდგრადი და შეუქცევადი გახდეს. ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ ჩართულობითა და შერიგებით არის შესაძლებელი კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა. უპირველეს ყოვლისა, გვჯერა, რომ ასოცირების შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოს მიმზიდველობის გაზრდას. არაფერი არ არის უფრო მიმზიდველი, ვიდრე ღია, დემოკრატიული და ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა
მჯერა, რომ სრულიად რეგიონში ყველას ინტერესშია უფრო სტაბილური, უსაფრთხო და ეკონომიკურად ძლიერი საქართველო. მე ხაზს ვუსვამ, რომ ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის არჩევანი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც სხვა პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობებზე უარის თქმა.
ასოცირების ხელშეკრულება არის ჩვენი პრაქტიკული გზამკვლევი ევროპული ინტეგრაციის პროცესში და ევროპეიზაციის სამოქმედო გეგმა. შესაბამისად, ევროპული ინტეგრაცია ხდება არამარტო საგარეო, არამედ საქართველოს შიდა პოლიტიკის პრიორიტეტი“,- განაცხადა საქართველოს საგარეო სამეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.