უახლესი ამბები

საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა

18 07 2014 | ავტორი: admin
საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა
კანონპროექტი
0

საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა. „ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირება 123 ხმით არცერთის წინააღმდეგ მიღებულია. რატიფიცირების შემდეგ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ევროკავშირის ჰიმნი შესრულდა.

საქართველო-ევროკავშირს შორის ხელმოწერილ დოკუმენტზე მსჯელობა პარლამენტში დილიდან მიმდინარეობდა. ხელშეკრულების არსი და ძირითადი ასპექტები დეპუტატებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ გააცნო. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის მნიშვნელობაზე, ამ მიმართულებით გატარებულ და გასატარებელ ღონისძიებებზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მეორე ნაწილი მიწვეული სტუმრების გამოსვლებით დაიწყო. თავდაპირველად ტრიბუნასთან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა, შემდეგ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობასა და მისგან მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა ევროკომისარმა შტეფან ფულემ. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებით ქართულ საზოგადოებას ევროპასთან დაახლოება ლატვიისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარემ მიულოცეს. პარლამენტის რიგგარეშე სხდომას მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც შეუერთდა, რომელმაც კენჭისყრის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას პარლამენტის სპიკერატიდან მიმართა პრეზიდენტმა და ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მიულოცა.

პარლამენტის სხდომას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
კენჭისყრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტში საზეიმო ღონისძიება გაიმართება.