უახლესი ამბები

ნუგზარ მგალობლიშვილი – ვოვა ვეკუასთვის ყველაზე ძვირფასი სამშობლო და მისი დამოუკიდებლობის იდეა იყო

19 07 2014 | ავტორი: admin
ნუგზარ მგალობლიშვილი – ვოვა ვეკუასთვის ყველაზე ძვირფასი სამშობლო და მისი დამოუკიდებლობის იდეა იყო
ინტერვიუ
2

18 ივლისს, ვოვა ვეკუას ტრაგიკული გარდაცვალებიდან 25 წელი შესრულდა…

1989 წლის 15-16 ივლისს აფხაზეთში სისხლიანი ტრაგედია დატრიალდა. ე. წ. „ლიხნის მიმართვას“ მოჰყვატრაგედია სოხუმში, როდესაც სეპარატისტები თავს დაესხნენ ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტისსოხუმის ფილიალის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს, რამაც ადამიანთა მსხვერპლი გამოიწვია. ამ დღეების მოვლენები, რაც მესამე ძალის მიერ იყო ინსპირირებული, ყოველთვის შავ ლაქად დარჩება ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში. 1989 წლის 15 ივლისს, აფხაზ სეპარატისტებთან პირველი შეტაკებისას წამებით მოკლეს ვოვა ვეკუა. იგი აფხაზეთში ილია ჭავჭავაძის მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ასევე ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თანამებრძოლი იყო. ვეკუას მკვლელობის შემდეგ, მდინარე ღალიძგას 300ათასი ქართველი მიაწყდა. იარაღი არავის ჰქონდა, ღალიძგის იქით ჩასაფრებულ აფხაზებს, რუსებსა და სომხებსკი ტყვიამფრქვევები და ყუმბარსატყორცნები ჰქონდათ… თუმცა, გულანთებული ქართველების შეჩერება და უფრო დიდი ტრაგედიის აღკვეთა მაშინ მერაბ კოსტავამ შეძლო.

ვოვა ვეკუას ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდებს და ზოგადად, 1989 წლის 15-16 ივლისს განვითარებულ ავბედით მოვლენებზე ვესაუბრეთ მისი ბავშვობის მეგობარს – აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ნუგზარ მგალობლიშვილს.

ვოვა ვეკუას ცხოვრება საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის პერიოდში მოუხდა. რელიმის მიუხედავად ვოვა საოცარ პრინციპულობას იჩენდა. მისთვის ყველაზე ძვირფასი სამშობლო და მისი დამოუკიდებლობის იდეა იყო. სამშობლოზე ძვირფასი არაფერი იყო. ჩვენ სიყრმის მეგობრები და ერთად გაზრდილები ვართ. ამიტომ, მასზე დაუსრულებლად შემიძლია ლაპარაკი. ის გახლდათ ძალზედ პატიოსანი, ზრდილობიანი და ძალიან წესიერი ადამიანი, ამასთან ერთად ძალიან საინტერესო პიროვნებაც იყო. მას ფაქტობრივად არასოდეს არსად უმუშავია მიუხედავად იმისა, რომ უგანათლებულესი ინტელექტუალი პიროვნება იყო. მისთვის საყვარელი საგანი ისტორია გახლდათ. ძალიან ნაკითხი, წიგნიერი, ლიტერატურის შესანიშნავი მცოდნე, უყვარდა პოეზია და თავადაც წერდა ლექსებს. ძალიან ღირსეული ადამიანი იყო, ძალიან მეგობრული, ერთგული. იცოდა მეგობრის ფასი. ჩემი მეგობრები იყვნენ მერაბ კოსტავაც და ვოვაც. ისინი საოცრად ჰგვანდნენ ერთმანეთს ბუნებით. პოლიტიკა მათთვის ბინძური საქმე არ იყო. ერთგულება, ვაჟკაცობა და ქვეყნის სიყვარული მათთვის ყოველგვარ პოლიტიკაზე მაღლა იდგა.ს ამიტომ, ასეთი პიროვნებების გარდაცვალება უმძიმესი დარტყმა იყო ჩვენთვის და ქვეყნისთვის. საქართველომ დაკარგა არაერთი უპატიოსნენსი და ქვეყნის ერთგული ადამიანი.

– რატომ მოხდა ისე, რომ ამ სისხლიანი ისტორიის დასაწყისში, პირველი მსხვერპლი მაინცდამაინც ვოვა ვეკუა აღმოჩნდა?

ეს საბჭოთა პერიოდი იყო და რასაც ჩვენ იატაკქვეშეთში ვაკეთებდით, იყო ანტისაბჭოური. გვიხდებოდა ხელისუფლების წარმომადგენლებთან პირდაპირი და აშკარა დიალოგები, სადაც ვოვა ერთ-ერთი შესანიშნავი მოსაუბრე იყო. თავად ვოვას დაღუპვის ფაქტი გამოწვეული იყო იმდროინდელი ვითარებით აფხაზეთში. როდესაც სიტუაცია ძალიან გამწვავდა, მაშინ ხშირად აგზავნიდნე წერილებს, თუმცაღა, ყველა ეს წერილი კრემლში იყო დაწერილი, მარა ისევ მათვე უგზავნიდნენ ხალხის ხელმოწერით. შემდეგ რაც მოხდა, კიდევ უარესი იყო, როდესაც მათ მიიღეს ე. წ. „ლიხნის წერილი“. ამ წერილით ისინი ითხოვდნენ კრემლის მართველობის შემოღებას აფხაზეთში, ისევე როგორც ეს ყარაბაღში იყო, რაც ფაქტობრივად აფხაზეთს საქართველოსგან აცალკევებდა. ამან ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, თვითონ უნივერსიტეტის რექტორი გვარამიაც ხელს აწერდა ამ წერილს, უნივერსიტეტშიც ძალიან დიდი უკმაყოფილობა იყო, მეგობრებიც კი მტრობდნენ ერთმანეთს. ჩვენ ყველანაერად ვცდილობდით რომ არ შეგვექმნა არანაირი საშუალება, კონფლიქტის გასამწვავებლად. კოსტავასთან სახლში ვიკრიბებოდით ამ საკითხის განსახილველად, რათა საფრთხე თავიდან აგვეცილებინა. არეულობა 14 -ში დაიწყო. სოხუმის უნივერსიტეტისგან დამოუკიდებლად შეიქმნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალი, რომელმაც პირველ საშუალო სკოლაში დაიდო ბინა. იქ ერთხელ უკვე მოხდა თავდასხმა და აი, მეორე თავდასხმა 15 ივლისს განხორციელდა. სტუდენტები და მასწავლებლები რუსთაველის პარკში შეიკრიბნენ, სადაც შეტაკება მოხდა. ვოვამ ხალხის გაშველება დაიწყო. ამ დროს მას სკამს აგლეჯილი მუხის საგანი ჩაარტყეს კეფაში, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა. თხუთმეტში მიიღო სასიკვდილო ჭრილობა და 18 ივლისს კი გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

– მისი მკვლელობა უფრო შემთხვევითობას უნდა მივაწეროთ თუ მიზანმიმართულად მოკლეს?

ის მშვიდობიანი კაცი იყო, რომელიც ცდილობდა არ დაეშვა სიტუაციის დამძიმება, რაც აფხაზ და ქართველ სტუდენტებში შეტაკებას გამოიწვევდა. ვოვა ვეკუა შინაგანად ძლიერი პიროვნება, ავტორიტეტული. რა თქმა უნდა ბევრს ეს არ მოსწონდა. იყო და ამიტომ ის არ იყო სასურველი. მას შეეძლო აეყოლიებინა საზოგადოება, არ ვაჭარბებ, მას მოყვებოდა ხალხი, ჰქონდა კიდევაც ლიდერის თვისებები. მე და მერაბი რომ იქ ვყოფილიყავით, ჩვენც არ აგვცდებოდა სიკვდილი. მე და მერაბმა ეს ამბავი თბილისში შევიტყვეთ. როცა სახლში დავრეკეთ, გვითხრეს რომ რუსთაველის ბაღში ცუდი ამბებია და იქ წავიდაო. გადავწყვიტეთ სოხუმში წასვლა და იმავე ღამეს გავეშურეთ მატარებლით, მაგრამ სამტრედიის იქით მატარებელი არ წავიდა., ფაქტობრივა ომის დაწყებას არაფერი უკლდა, იყო მსხვერპლიც. მთელი დასავლეთ საქართველო მზად იყო აფხაზეთში საომრად წასასვლელად, ქართველების დასაცავად. იქ მერაბი გამოვიდა სიტყვით და რომ არა მისი ავტორიტეტი, ეს ფართომაშსტაბიან ომში გადაიზრდებოდა. მან მოახერხა აზვირთებული ხალხის შეჩერება, რომელსაც აფხაზეთში გადასვლა ეწადა. რუსეთს სწორედ მსგავსი ფართომასშტაბიანი ომი უნდოდა.

– ვოვა ვეკუას სიყრმის მეგობარი ბრძანდებით. გაგვიზიარეთ მასთან ერთად გატარებული რამდენიმე ცხოვრებისეული მომენტი…

ჩვენ, მეგობრები, ხშირად ვიკრიბებოდით ერთად. ძალიან თავშეკავებული გახლდათ მთელი ცხოვრება. ერთი თუ ორი შემთხვევა მახსენდება, მას რომ ვინმესთან ეჩხუბა. ძალიან ბევრ დროს უთმობდა კითხვას, წიგნებს, მეგობრებს, ძალიან ხალისიანი და ამავე დროს რაფინირებული, დახვეწილი ინტელიგეტი გახლდათ. ძალიან გვიყვარდა, მერაბ კოსტავასაც, ზვიად გამსახურდიასაც, რადგან მასში დიდსულოვან, ჭკვიან, მოაზროვნე ადამიანს ხედავდნენ და მისი გარდაცვალება დიდი ტრაგედია იყო ყოველი ჩვენგანისათვის.

ვოვა ძალზედ თავმდაბალი, მოწიწებული კაცი იყო. მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავით უშიშროების მხრიდან. ბევრი ისტორიაც გადაგვხდენია, მაგრამ ვოვა მუდამ ახერხებდა სიტუაციის განმუხტვას და მდგომარეობიდან ჩვენს გამოყვანას.

იყო შემთხვევა, როდესაც ჩემი გაქრობა უნდოდათ და ეს ვოვამ შეიტყო, მაშინვე გამაფრთხილა და თავიდან ამაცილა კილერის ხელით სიკვდილი.

ხშირად მოდიოდა ჩემთან სამხატვრო სახელოსნოში, მოჰყავდა თავისი შვილები, უფროსი ვაჟი ანდრო, რომელსაც ხატვას ვასწავლიდი. შემდეგ უფრო უკეთ მოვამზადეთ და საბოლოოდ ძალიან კარგი მხატვარი დადგა. შვეიცარიაში გავგზავნეთ სასწავლებლად. დღეს მას მთელი მსოფლიო იცნობს.

ირაკლი თორია, „აფხაზიანიუსისთვის“.