უახლესი ამბები

საქართველოს გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სტუმრობენ

24 04 2014 | ავტორი: admin
საქართველოს გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სტუმრობენ
გარესამყარო
0

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, ლორან ფაბიუსმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა და მაია ფანჯიკიძემ პრესკონფერენცია გამართეს.

„გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ნატო-ს მომავალ სამიტზე სათანადოდ იქნება შეფასებული“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, საქართველო ნათლად აჩვენებს იმ პროგრესს, რომელიც ასპირანტ ქვეყანას მოეთხოვება.
„დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი გვქონდა საქართველო-ნატოს თანამშრომლობის შემდგომ პერსპექტივაზე. კოლეგების მიერ აღინიშნა საქართველოს წვლილი ევროატლანტიკური უსაფრთხოების საქმეში. ჩვენ ღრმად გვჯერა, რომ საქართველო ნათლად აჩვენებს იმ პროგრესს, რაც ნატო-ს ასპირანტ ქვეყანას მოეთხოვება. შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენს მიერ მიღწეეული პროგრესი სათანადოდ იქნება შეფასებული ნატო-ს მომავალ სამიტზე უელსში“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.
ფანჯიკიძე ასევე შეეხო
საქართველოს მონაწილეობის საკითხს ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დაგეგმილ სამშვიდობო მისიაში.
„მე ჩემს კოლეგებს კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მთავრობის მზაობა, ქართველმა ჯარისკაცებმა მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ეგიდით დაგეგმილ სამშვიდობო მისიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. გვეამაყება, რომ ქართველი ჯარისკაცები ფრანგულ შენაერთს დაეხმარებიან, ადგილზე უსაფრთხო და მშვიდი გარემოს უზრუნველყოფის საქმეში“.

ფანჯიკიძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო დაგეგმილ რეფორმებს, რაც მიმართულია დემოკრატიის გაძლიერებისაკენ, ადამიანის უფლებების და თავისუფლების დაცვისკენ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ, სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფისკენ.
„მიგვაჩნია, რომ სწორედ გერმანია და საფრანგეთი ქმედითად შეუწყობენ ხელს საქართველოს ევროპულ სივრცეში სრულფასოვან ინტეგრაციას“.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობას. ამასთან, ფანჯიკიძის განცხადებით, მან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის.
„შეხვედრის დღის წესრიგი დათმობილი იყო მთელი რიგი აქტუალური საკითხებისადმი. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ევროკავშირთან ურთიერთობას. ჩემს გერმანელ და ფრანგ კოლეგებს კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მთავრობის მზაობა, რომ არაუგვიანეს მიმდინარე წლის ივნისისა
ხელი მოვაწეროთ ასოცირების შესახებ შეთანხმებას”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, საქართველოსთვის დიდი პატივია საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების მასპინძლობა.
„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ვმასპინძლობთ საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს. საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის წინარე პერიოდში ამგვარ სტუმრობას სპეციფიური დატვრითვა აქვს. ამ ერთობლივ ვიზიტს ჩვენ მივიჩნევთ როგორც საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდაჭერისა და მისდამი სოლიდარობის ნათელ დემონსტრირებად. გერმანიამ და საფრანგეთმა თავის დროზე გადადგეს ნაბიჯი ერთიანი და მშვიდობიანი ევროპის პროექტის განსახორციელებლად. ეს პროექტი ჯერ არ დასრულებულა. მიგვაჩნია, რომ სწორედ გერმანია და საფრანგეთი კვლავაც გააგრძელებენ ამ ისტორიული მისიის განხორციელებას და ქმედითად შეუწყობენ ხელს საქართველოს ევროპულ სივრცეში სრულფასოვან ინტეგრაციას. საქართველოს, გერმანიასა და საფრანგეთს მეგობრობისა და თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია აკავშირებთ“, – აღნიშნა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, ის იმედოვნებს, რომ ამ ქვეყნებთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გარღმავდება.
„ორმხრივ ფორმატში საკმაოდ ინტენსიურად ვთანამშრომლობთ და იმედი გვაქვს, რომ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გარღმავდება. განსაკუთრებით ვაფასებთ გერმანიისა და საფრანგეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენტიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

„საფრანგეთმა საქართველოს ცენტრალური აფრიკის მისიაში მონაწილეობის გადაწყვეტილებისათვის მადლობა გადაუხადა“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლორან ფაბიუსმა. მისივე თქმით, საფრანგეთი ამ გადაწყვეტილებას მიესალმება.
„ალბათ იტყვით, რომ ცენტრალური აფრიკა შორის არის. თუმცა არც ისე შორს არის მაშინ, როდესაც საუბარია ადამიანების ხოცვა-ჟლეტის შეჩერებაში წვლილის შეტანაზე. ჩვენ იმ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული და იქ რაც ხდება, ამის მსხვერპლია ევროპაც“, – განაცხადა ლორან ფაბიუსმა.
ლორან ფაბიუსმა ასევე ისაუბრა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ ხელმოწერა საქართველოსთვის მოდერნიზაციის ძლიერი საშუალება იქნება.

„ამ ვიზიტის მიზანი ძალიან მარტივია, ჩვენ გვინდა, კიდევ ერთხელ დახმარება გამოვხატოთ საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით კი ამ მომენტში. საქართველომ პარაფირება გაუკეთა ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან გასული წლის ნოემბერში, რამდენიმე კვირაში მას ხელი მოეწერება. უკვე დაგეგმილია ეს ივნისის თვეში. ვფიქრობთ, რომ ეს ხელშეკრულება დადებითია ყველა მხარისთვის. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ჩვენს საუბრებში ხაზი გაგვესვა იმ შესანიშნავი პროგრესისთვის, რომელსაც მიაღწია საქართველომ ამ სფეროში და მივესალმოთ იმ ძალისხმევას, რომელიც რეფორმების თავლსაზრისით გასწია საქართველომ. ეს არის ძალიან ბევრი შესალებლობა საქართველოსთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. მას შემდეგ, რაც ასოცირების ხელშკრულებას ხელი მოეწერება, ის იქნება მოდერნიზაციის ძალიან ძლიერი საშუალება ამ ქვეყნისთვის, რომ გაიზარდოს საქართველოს მიმზიდველობა. ეს არის ფინანსური დახმარების საკითხები, ტექნიკური დახმარების საკითხები, რომ კარგად განხორციელდეს ის რეფორმები, როემლიც მიმდინარეობს“, – განაცხადა ლორან ფაბიუსმა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთან ურთიერთობების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობები ყირიმის ამბების შემდგომ რთულ მდგომარეობაშია, თუმცა ყველას ინტერესში შედის პრობლემების დაძლევა.
“მინდა აღვნიშნო, ჩვენი მხრივ არ არის არანაირი წინააღმდეგობა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასა და ეკონომიკური ურთიერთობების განვიათარებას შორის სხვა ქვეყნებთან. რადგანაც ჩვენ მოვიაზრებთ ამ შემთხვევაში რუსეთს. რუსეთთან ურთიერთობები ძალიან რთულ მდგომარეობაშია ყირიმის ამბების შემდგომ, რომელსაც ვგმობთ. მაგრამ, ყველას ინტერესში შედის, რომ ეს დიდი პრობლემა დაძლეულ იქნას და მინდა აღვნიშნო ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტირიული ერთიანობის თვალსაზრისით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ გვინდა, რომ კონფლიქტურ რეგიონებში მშვიდობიანად დარეგულირდეს სიტუაცია”,-განაცხადა ლორან ფაბიუსმა.
ფაბიუსი გამოეხმაურა ჟურნალისტის კითხვას, რომელმაც სერგეი ლავროვის მიერ გუშინ გაკეთებულ მუქარისშემცველ განცხადებაზე იკითხა და როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ყრუს ვესაუბრებით.
კითხვაზე, შეძლებს თუ არა დიპლომატია რუსეთი შეაჩეროს, ლორან ფაბიუსმა განაცხადა, რომ მათი არჩევანი რუსეთის ქმედებებზე არის სიმტკიცის გამოჩენა და დიალოგი.
როგორც ფაბიუსმა აღნიშნა, ევროკავშირმა დაგმო რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია, რაც საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. აქვე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ დღის წესრიგში არ დგას ყირიმთან დაკავშირებით რუსეთის ქმედებების იურიდიულად გაფორმება.
როგორც ლორან ფაბიუსმა აღნიშნა, უკრაინასთან დაკავშირებით ევროკავშირმა გადაწყვიტა დაეწყო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები სამ დონეზე. მისი თქმით, სანქციების პირველი და მეორე ნაბიჯები გადადგმულია.
„თუ ახალი მოქმედება იქნება უკრაინის წინააღმდეგ, კიდევ შეგვიძლია სანქციების შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ“, – განაცხადა ლორან ფაბიუსმა.
მისივე თქმით, როდესაც ხდება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ის დაგმობილი უნდა იყოს. თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ სამხედრო დაპირისპირებაზე წასვლა არავის სურს და ყველა დიალოგის მომხრეა. როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, დიალოგის საშუალება ყოველთვის უნდა იყოს.
ისტორიული უწოდა მისი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლორან ფაბიუსის ერთობლივ ვიზიტს საქართველოში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.
„ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში და ეს არის გზა, რომელსაც ამ ზაფხულს ოფიციალურად გავაფარმებთ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით“ , – განაცხადა მან.
„მე ვფიქრობ ერთობლივი ვიზიტი აქამდე არ ყოფილა. ჩვენ პირველად ვიმყოფებით საქართველოში ასეთი ვიზიტით. სიამოვნებით ვსარგებლობ ამ მომენტით და მინდა დავაფიქსირო ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მისამართით. მე აქ წლების წინ ვიყავი, მაშინ ძალიან რთული პერიოდი იყო, მაგრამ კარგად მახსენდება ის პერიოდი. ძალიან ბევრი რამ შეცვლილია ქვეყანაში, არა მხოლოდ ქალაქის ინტერიერის თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკურ ჭრილში. განახლდა პოლიტიკური სპექტრი, მოხდა კორუფციის დაძლევა და ა.შ. ეს არის გზა, რომელსაც ამ ზაფხულს ოფიციალურად გავაფორმებთ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით. არანაირი ეჭვი არ არსებობს და დარწმუნებული ვარ, ივნისში ასოცირების ხელშეკრულებას ხელი აუცილებლად მოეწერება“, – განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.
მისივე თქმით, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ძალისხმევა მიმართული იქნება ხელშეკრულების ინპლემენტაციაზე.
„მე მგონი, რუსეთში ძალიან კარგად ესმით, რომ საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება არ აყენებს ეჭვქვეშ რუსეთ-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებს“ , – აღნიშნა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.
ჟურნალისტის კითხვაზე: თუ როგორ აპირებს ევროკავშირი რუსეთი დაარწმუნოს, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის დაახლოება არ არის საფრთხე რუსეთისთვის. შტაინმაიერის თქმით, ასოცირების შეთანხმება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული.
„მე მგონია, რომ შევეცადე ზუსტად გამეცა ამაზე პასუხი. ასოცირების შეთანხმება, რომელსაც ივნისის ბოლოს მოეწერება ხელი არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული. ჩემ რუს კოლეგებთან გარკვევით, მკაფიოდ ვაფიქსირებ ჩემ პოზიციას. ეკონომიკური ერთიერთობები, რომელიც საქართველოს უკვე აქვს ევროკავშირთან და აღრმავებს მას, არანაირად არ აყენებს ეჭქვეშ იმ ეკონომიკურ ურთიერთობებს, რომელიც არსებობს საქართველოსა და რუსეთს შორის. მე მგონი, რომ ეს ძალიან კარგად ესმით რუსეთშიც“, – აღნიშნა შტაინმაიერმა.
ჟურნალისტის კითხვა ეხებოდა იმას, თუ რა დაახლოებს საქართველოს ნატოს-თან, რომ მიიღოს MAP და ხომ არ იქნება ამ პროცესში რუსეთის ფაქტორი შემაფერხებელი. შტაინმაიერის თქმით, ნატო აუცილებლად მოიძიებს სათანადო ინსტრუმენტს, რომ მკაფიოდ გამოხატოს თავისი პოზიცია.
„რაც შეეხება ნატო-ს და ნატო-ს გაფართოებას, თქვენ კარგად უნდა გაიაზროთ და გაგებით უნდა მოეკიდოთ, რომ ეს კითხვები ნატო-ს გაფართოების კუთხით, ბუნებრივია ნატო-ს წევრ ქვეყნებში უნდა განიხილოთ. საქართველო და ნატო უახლოვდებიან ერთმანეთს. ნატო აუცილებლად მოიძიებს სათანადო ინსტრუმენტს იმისთვის, რომ მკაფიოდ გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა შტაინმაიერმა.
„ჩვენ არ გვინდა დაპირისპირება რუსეთთან, ჩვენ გვინდა თანამშრომლობა“, – აღნიშნა შტაინმაიერმა.
„გვესმის და ვიცით, რომ საქართველოში განსაკუთრებული წუხილი არსებობს უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით აკვირდებიან და ანალიზს ახდნენენ საკუთარი ქვეყნის პარალელის ჭრილში. ჩვენ ვსაუბრობდით რამდენად რთული იყო პირველი ნაბიჯების გადადგმა და ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის უკრაინაში ჩაყვანა, ასევე რამდენად რთული იყო ჟენევის მოლაპარაკებების ჭრილში მხარეების ერთ მაგიდასთან დასმა. მთელი ენერგია უნდა მივმართოთ რათა ჟენევის მოლაპარაკებები იმგვარად წარვმართოთ, რომ ამან ასახვა ჰპოვოს უკრაინაში სიტუაციის დეესკალაციაზე. ჩვენ უკრაინის ხელისუფლებას ვუყენებთ მოთხოვნას შესრულდეს ჟენევის შეთანხმება. თუმცა მოთხოვნები არის რუსეთის მიმართაც, რომ მან ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რათა რუსულენოვან მოსახლეობას მკაფიო გზავნილები გაუგზავნოს და მოხდეს დაკავებული შენობებისა და მოედნების გათავისუფლება“, – განაცხადა შტაინმაიერმა.
მისივე თქმით, დასავლეთი ასევე ყველაფერს გააკეთებს, რათა თავისი ფინანსური წვლილი შეიტანოს ეუთო-ს მისიის გაძლიერებაში.
„ყოველი დღე, რომელიც გადის, როდესაც კონკრეტული ნაბიჯები არ იდგმება დეესკალაციის მიმართულებით, ჩვენ გვაცილებს ჟენევის მოლაპარაკებების შედეგს. სიტუაციის დეესკალაცია უნდა მოხდეს, რათა უკრაინაში ფონი განიმუხტოს. ამას ექნება ზეგავლენა საქართველოზეც, რადგან მთლიანობაში ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ არ იყოს კონფრონტაცია, დაპირისპირება რუსეთთან. ჩვენ არ გვინდა დაპირისპირება რუსეთთან, გვინდა თანამშრომლობა და ყოველთვის ვეტყვით რუსეთს, რომ ასოცირების შეთანხმება არის არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული, არამედ, ეს არის საქართველოს თავისუფალი არჩევანი“, – განაცხადა შტაინმაიერმა.