უახლესი ამბები

ღარიბაშვილი საქართველოში ბიზნესის წარმოების შესახებ საუბრობს

24 04 2014 | ავტორი: admin
ღარიბაშვილი საქართველოში ბიზნესის წარმოების შესახებ  საუბრობს
ეკონომიკა
0

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო „რედისონში“ „ლიდერ ცემენტის“ პროექტის პრეზენტაციაზე საქართველოში ბიზნესის წარმოების შესახებ ისაუბრა.
„საქართველოში მსოფლიოს ლიდერი კომპანიების შემოსვლა, მათი დაინტერესება მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანა ინვესტორებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება და ჩვენთან ბიზნესისათვის ხელსაყრელი და ჯანსაღი გარემოა. ამ მასშტაბის პროექტის განხორციელება საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისასალმებელია, რომ ქართულმა კომპანიამ „ლიდერ ცემენტმა“ შეძლო პარტნიორული ურთიერთობების დამყარება გიგანტკომპანია „ლაფერჟთან“, კომპანიასთან, რომელსაც სამშენებლო მასალების წარმოების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ფლობს უნიკალურ ცოდნასა და გამოცდილებას და ცნობილია ბიზნესის მდგრადი განვითარებით, ინოვაციური პროდუქტების შექმნითა და უმაღლესი სტანდარტის ცემენტის წარმოებით. ჩვენი ქვეყნისთვის, კერძოდ კი, დასავლეთ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ფოთში აშენდება ცემენტის ქარხანა. საქართველოში ცემენტის ინდუსტრიის განვითარება და ხარისხის ამაღლება საგრძნობლად გააუმჯობესებს ქვეყანაში მშენებლობის ხარისხს. ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია ისეთი ამბიციური პროექტების განხორციელებისთვის, რომლებიც ჩვენს მთავრობას აქვს დაგეგმილი. როგორც ვიცით, ქარხანამ უნდა აწარმოოს განსაკუთრებული ტექნიკური მახასიათებლების ისეთი კლასის ცემენტი, რომელიც შეესაბამება საშუალო და დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ევროპულ სტანდარტებს. ეს იქნება საიმედო ევროპული ხარისხის პროდუქტი, რომელიც გამოიყენება როგორც გზების მშენებლობისთვის, ისე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და თანამედროვე შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის.
როდესაც ასეთ პროექტებს ვახორციელებთ, პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ გარემოს დაცვაზე. როგორც ვიცი, ამ მხრივაც ყველაფერი წესრიგშია – პროექტი ითვალისწინებს გარემოს დაცვის შესაბამის მექანიზმებს და მიდგომა ამ საკითხისადმი აგრეთვე ევროპული სტანდარტის შესაბამისია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქარხანაში ყველა ეკოლოგიური სტანდარტი იქნება დაცული და ზიანი არ მიადგება გარემოს. და ბოლოს, მინდა გითხრათ, ჩვენ დაინტერესებული ვართ ნებისმიერი პროექტით, რომელიც დამატებითი სტიმული იქნება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და აღმავლობისათვის. ამიტომ გპირდებით, რომ მთავრობა, თავის მხრივ, ძალისხმევას არ დაიშურებს და ყოველმხრივ შეგიწყობთ ხელს ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.