უახლესი ამბები

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დავით ქევხიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო

26 04 2014 | ავტორი: admin
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დავით ქევხიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო
პოლიტიკა
0

გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ქევხიშვილი და მასთან ერთად დაკავებული 17 პირი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად სცნო. დავით ქევხიშვილს 100 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, დანარჩენებს 400–400 ლარის ოდენობით.

„ეთანხმები, არ ეთანხმები, ამას ჩემთვის ეხლა არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. ზოგადად ყველამ ნახა, ისეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია, რომ ბიჭების მხრიდან რაიმე განსაკუთრებულ სამართალდარღვევას ჰქონოდა ადგილი, რომ დაეჭირათ ისინი“, – განუცხადა ქევხიშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

კიდევ ერთი დაკავებულის შალვა რცხილაძის თქმით, მას არათუ პოლიციისთვის არ გაუწევია წინააღმდეგობა, არამედ აქციაში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია.

„დღეს უნდა ემშობიარა ჩემს მეუღლეს. მივდიოდი ყვარელში ჩემი პირადი საქმის გამო და მოვხვდი სულ შემთხვევით. დავინახე, რომ ბატონი დავით ქევხიშვილი მიჰყავდათ მილიციის შენობაში. რომ ვიკითხე რა ხდება მეთქი, დამიგრიხეს ხელები და წამიყვანეს, მეტი არც არაფერი მკითხეს, არც არაფერი მითქვამს მე“, – აღნიშნა შალვა რცხილაძემ.

„გულსატკენია ის, რომ რასაც ვებრძოდით აქამდე მეც და თითოეული ჩემი თანაგუნდელიც, როგორც ყვარლის რაიონში, ისე საქართველოში, ისევ ხორციელდება, ისევ ხდება ზეწოლა საკრებულოზე და შესაბამისად, ესენიც ასრულებენ პოლიტიკურ დაკვეთას. ეს არის ყველაზე გამაღიზიანებელიც და საწყენიც. ამის მიუხედავად, აუცილებლად მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას“, – განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის უკვე ყოფილმა გამგებელმა დავით ქევხიშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

პოლიციამ დავით ქევხიშვილი და მასთან ერთად კიდევ 17 პირი, ძირითადად „ქართული ოცნების“ აქტივისტები წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით 25 აპრილს, დილით დააკავა. ყვარლის გამგებლის გარდა, მასთან ერთად დაკავებულ 17 პირს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 –ე მუხლთან ერთად, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, 173–ე მუხლით ედებოდა. დაკავებულებმა სასამართლო პროცესზე ბრალდება უარყვეს და განაცხადეს, რომ პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

სასამართლო პროცესზე დაკავებულმა ლევან ხუციშვილმა განაცხადა, რომ ყვარელში განვითარებული მოვლენების უკან შს მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზედელაშვილი დგას.

შეგახსენებთ, ვიდრე სასამართლო პროცესი დაიწყებოდა, ყვარლის საკრებულომ დახურული სხდომა გამართა და დავით ქევხიშვილი გამგებლის თანამდებობიდან გადააყენეს. გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად გამგებლის მოადგილე მალხაზ ხიზანიშვილი დაინიშნა.