უახლესი ამბები

„ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატები დაასახელა

26 04 2014 | ავტორი: admin
„ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატები დაასახელა
პოლიტიკა
0

საარჩევნო ბლოკმა „ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველ ქალაქებში მერობის კანდიდატები დღეს ოფიციალურად დაასახელა. როგორც სპორტის სასახლეში, საარჩევნო კამპანიის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი, 12 ქალაქში მერობის კანდიდატები იქნებიან:

თბილისი – დავით ნარმანია;

რუსთავი – დავით ჯიქია;

ქუთაისი – შოთა მურღულია;

გორი – ზურაბ ჯირგველიშვილი;

ბათუმი – გიორგი ერმაკოვი;

ფოთი – ირაკლი კაკულია;

ზუგდიდი – ირაკლი გოგოხია;

მცხეთა – ავთანდილ ნემსიწვერიძე;

თელავი – პლატონ კალმახელიძე;

ოზურგეთი – ბეგლარ სიორიძე;

ახალციხე – გიორგი კოპაძე;

ამბროლაური – რატი ნამგალაძე.

საარჩევნო ბლოკმა ადგილობირივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოფიციალური კამპანია დღეიდან დაიწყო.
თვითმმართველობის არჩევნები 2014 წლის 15 ივნისს გაიმართება.

საარჩევნო კამპანიის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მათ შორის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა. 

სპორტის სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.garibashvili 3

„დღეს კიდევ ერთი საპასუხისმგებლო დღეა ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, კოალიცია „ქართული ოცნებისთვის“. დღეს ჩვენ ოფიციალურად გახსნილად გამოვაცხადეთ წინასაარჩევნო კამპანია. მოგვიახლოვდა თვითმმართველობის არჩევნები, რომლითაც კიდევ ერთხელ გაიზომება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობისა და თავისუფლების ხარისხი. 2012 წლის საპარალმენტო არჩვენებში გამარჯვებისა და კოალიცია ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენმა გუნდმა საქართველოში ახალი პოლიტიკური კულტურა დაამკვიდრა – ჩვენ ჩავატარეთ პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც უპრეცედენტო იყო თავისუფალი საარჩევნო გარემოს, გამჭვირვალობისა და დემოკრატიულობის თვალსაზრისით”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება სამართლიანად ამაყობს იმ შეფასებით, რომელიც მოჰყვა ამ არჩევნებს.
„ჩვენი ხელისუფლება სამართლიანად ამაყობს იმ შეფასებით, რომელიც მოჰყვა ამ არჩევნებს – მთელმა დემოკრატიულმა სამყარომ, წამყვანმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ერთხმად აღიარეს, რომ საქართველომ დაადასტურა თავისი ერთგულება ევროპული, დემოკრატიული ღირებულებებისადმი და მნიშვნელოვნად გადადგა ნაბიჯი წინ, დემოკრატიისაკენ. და, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ხალხი, ამომრჩეველი დარწმუნებულია ამ არჩვენების შედეგების სამართლიანობაში. დღეს ჩვენი ქვეყანა ისევ საარჩევნო რეჟიმშია, წინ კიდევ ერთი არჩვენები გვაქვს. ახალ ეტაპს ვიწყებთ, ისევ გამარჯვებისთვის ვემზადებით! დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნებიც ისეთივე დემოკრატიული, ისეთივე თავისუფალი იქნება, როგორიც წინა არჩევნები იყო. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მტკიცე პოლიტიკური ნება”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, ყველა პირობა იქმნება, რათა კანდიდატებმა კონკურენტულ გარემოში იბრძოლონ და მხოლოდ ღირსეულებმა გაიმარჯვონ.ocneba kampania 9

“ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც აბსოლუტურად ყველა ამომრჩეველს უქმნის თავისუფალი არჩევანის პირობებს. ჩვენ ვიცავთ და ვუფრთხილდებით თითოეული ამომრჩევლის ხმას, პატივს ვცემთ თითოეული თქვენგანის არჩევანს.

თვითმმართველობის არჩევნები უმნიშვნელოვანესი ეტაპია საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. ახლა სრულიად ახალი ამოცანების წინაშე ვდგავართ, დღეს ჩვენს წინაშე ახალი დღის წესრიგია. დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება ახალი ტიპის, ევროპულად მოაზროვნე ლიდერები. სწორედ ადგილებზე, ქვედა დონეებზე უნდა გვყავდეს ისეთი ლიდერები, რომლებიც არა ერთპიროვნულად, არამედ ხალხის აქტიური მონაწილეობით მიიღებენ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, “ხალხი წლების განმავლობაში შეეჩვია იმ მანკიერ პრაქტიკას, როცა ადგილობრივი ხელისუფალი ხალხის აზრს არ ითვალისწინებდა”.ocneba kampania 2

“მეტიც, თვითონ ადგილობრივი ხელისუფლებაც ვერაფერს წყვეტდა, იგი მთლიანად დამოკიდებული იყო ცენტრალურ ხელისუფლებაზე და ,,თბილისიდან მოსულ” გადაწყვეტილებებზე. ეს მათ პასუხისმგებლობისგანაც ათავისუფლებდა და მოვალეობებისგანაც. ასეთმა მმართველობამ რა შედეგამდეც მიგვიყვანა, სამწუხაროდ, კარგად იგრძნობა რეგიონებში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ვერც ერთმა ხელისუფლებამ, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ჰყავდა ქვეყანას, ვერ შეძლო თვითმმართველობის რეფორმის ჩატარება.

“ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ქვეყანაში ახალი ტიპის მმართველობის შემოღება, რადგან დეცენტრალიზაცია ხელისუფლების გადანაწილებას გულისხმობს და მას ძალაუფლების დაკარგვის საფრთხედ მიიჩნევდნენ. ჩვენ ამის არ გვეშინია. პირიქით, ჩვენ სწორედ ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე დაყრდნობით ვქმნით ძლიერ ქვეყანას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.garibashvili-ivanishvili

„ჯერ კიდევ 1 ოქტომბრის არჩევნებზე დავპირდით ხალხს, რომ ამ სიმახინჯეს ბოლოს მოვუღებდით, წინასაარჩევნო პროგრამაში მკაფიოდ ჩავწერეთ, რომ გავატარებდით თვითმმართველობის ფუნდამენტურ რეფორმას და ქვეყანას მმართველობის სრულიად ახალ რელსებზე გადავიყვანდით. ჩვენ ამ დაპირების პირველი ნაწილი უკვე შევასრულეთ – მივიღეთ თვითმმართველობის კოდექსი, რომლის მიხედვითაც გადამწყვეტი სიტყვა ხალხზეა. ახლა ჯერი მიდგა ამ რეფორმის რეალურ განხორციელებაზე, რაც თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პრაქტიკულად უნდა ავამოქმედოთ. რეფორმის ყველაზე დიდი მონაპოვარი იქნება ის, რომ ქვეყნის მართვა ცენტრალური ხელისუფლების მითითებით, – ზემოდან კი არ მოხდება, არამედ თავად ხალხი, – ქვემოდან, ადგილებიდან, თვითმმართველი ორგანოებიდან შეძლებს ქვეყანის მართვას. სწორედ ეს არის ნამდვილი დემოკრატიული მმართველობა, სწორედ ამ სისტემით მიაღწია ევროპამ განვითარების ასეთ მაღალ დონეს და ჩვენც ეს გზა ავირჩიეთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მმართველობის ასეთი სისტემა თითოეულ ადამიანს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას აკისრებს.
“ჩვენ უნდა ვისწავლოთ პასუხისმგებლობის აღება ჩვენს სოფელსა თუ ქალაქზე, ჩვენს რაიონზე, ჩვენს ქვეყანაზე. ხალხს ახლა ეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ აკონტროლოს ხელისუფლება. ეს ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა. ჩვენ ვეუბნებით ხალხს, რომ თავად, ჩვენთან ერთად, მართონ ქვეყანა. მხოლოდ ხალხის მიერ არჩეული თვითმმართველი ერთეულებისათვის რეალური ადმინისტრაციული ბერკეტების გადაცემით მოხდება საქართველოს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, თვითმმართველობის რეფორმის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი არის ის, რომ მოსახლეობას შეეძლება უნდობლობა გამოუცხადოს თავის მიერვე არჩეულ მმართველებს, თუ ამის საჭიროება დადგება.ocneba kampania 3

“ეს ხალხს საშუალებას მისცემს თავად გააკონტროლოს არჩეული ხელისუფალი და მოსთხოვოს მას პასუხი. იმისათვის, რომ არჩევნებით მოსულ ადგილობრივ ხელისუფლებას ჰქონდეს მეტი ლეგიტიმაცია, ჩემი ინიციატივით, საარჩევნო ბარიერი 50 პროცენტით განისაზღვრა. ეს იმას ნიშნავს, რომ თვითმმართველ ქალაქებში მერების არჩევა მოხდება 50-პროცენტიანი ბარიერით, მუნიციპალიტეტებში გამგებლების არჩევაც მოხდება 50-პროცენტიანი ბარიერით, რაც მკვეთრად გაზრდის მერებისა და გამგებლების ლეგიტიმაციას და პასუხისმგებლობას ამომრჩევლების წინაშე. პირველად მოხდება პირდაპირი არჩევნების გზით 12 ქალაქის მერის, 59 გამგებლისა და მაჟორიტარი დეპუტატების არჩევა”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრს ეამაყება, რომ სწორედ ახლანდელი ხელისუფლება ახორციელებს ასეთ ძირეულ ცვლილებებს და საფუძველს უყრის მართვის რეალურად დემოკრატიულ სისტემას.

„ჩვენ უნდა დავამკვიდროთ წესრიგი ყველგან. მაგრამ წესრიგი ვერ დამყარდება, თუ არ დამკვიდრდება სამართლიანობა, ჩვენ ეს კარგად ვიცით. ყველას გვეჩქარება სამართლიანობის დამკვიდრება, ხალხი ამას ითხოვს ჩვენგან. დღეს ბევრი გახმაურებული საქმეა, რომლის გამოძიების დასრულებასაც მოუთმენლად ველოდებით ყველა. მაგრამ კარგად უნდა გავიგოთ, რომ ყველაფერს თავისი წესი და რიგი აქვს. სამართლიანობა უნდა დამკვიდრდეს კანონის სრული დაცვით, და თუ ჩვენ არ დავიცავთ ამ წესრიგს, მაშინ ჩვენვე დავარღვევთ კანონს, და სამართლიანობის აღდგენის სახელით გადადგმულმა ნაჩქარევმა ნაბიჯებმა შეიძლება მთლიანად ქვეყნის ინტერესები დააზიანოს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ზოგიერთს უნდა პოლიტიკურ ანგარიშსწორებად გამოაცხადოს ის, რაც ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში კანონის წინაშე თანასწორობას გულისხმობს.ocneba kampania 5

“მათ უნდათ პირად ამბიციებს გადააყოლონ სახელმწიფო ინსტიტუტები და ქვეყნის იმიჯი. მათ გასაგონად ვიტყვი – ყველა, ვინც დაარღვევს კანონს, აგებს პასუხს. და როგორც არ უნდა ეცადონ, არავის მივცემთ უფლებას შელახოს სახელმწიფო ინსტიტუტების რეპუტაცია. კანონის უზენაესობის დაცვა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულებაა! ჩვენი ხელისუფლებისთვის მთავარია ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს ინტერესები და არასოდეს დააყენებს მასზე წინ არც საკუთარ და არც სხვა პოლიტიკური ძალის ინტერესს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“ძალიან მალე საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ეს იქნება ევროპაში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე გადადმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია მისცემს ჩვენს ქვეყანას გაცილებით მეტ შესაძლებლობებს ააშენოს დემოკრატიული ინსტიტუტები, უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების თავისუფლება და უსაფრთხოება. ეს სასარგებლო იქნება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი ჩვენი რეგიონისთვის. ჩვენ გავხდებით ლიდერი რეგიონში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო უნდა გახდეს დემოკრატიული, სამართლიანი, მშვიდობიანი და მიმზიდველი ქვეყანა.

“ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ჩვენსკენ მოვატრიალოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები, საქართველო მათთვისაც უნდა გავხადოთ ეკონომიკურად, და არა მარტო ეკონომიკურად, მიმზიდველი და სასურველი ქვეყანა. სამწუხაროდ, ახლა ჩვენ იქ ვერ ვატარებთ არჩევნებს, მაგრამ გვაქვს იმედი, რომ გამოვიყენებთ ყველა მშვიდობიან ხერხს, ყველა გზასა და საერთაშორისო მექანიზმს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისთვის. მჯერა, დადგება დრო და ჩვენი სამშობლო ისევ იქნება ერთიანი და ძლიერი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ძლიერი საქართველოსკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება სწორედ თვითმმართველობის არჩევნები.
“ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩავატაროთ თავისუფალი, მაღალი დემოკრატიული სტანდარტის არჩევნები. ეს არის ჩვენი მიზანიც და ხალხის წინაშე აღებული ვალდებულებაც”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბათუმში მერობის კანდიდატია გიორგი ერმაკოვი.
“ბათუმის მერის მოვალეობის ამჟამინდელი შემსრულებელი, სამართალმცოდნე, ბათუმში დაბადებული, გაზრდილია. მას კარგად ესმის და იცის რა სჭირდება ბათუმელებს და ბათუმს”, – აღნიშნა პრემიერმა.ocneba kampania 6

თელავის მერობის კანდიდატ პლატონ კალმახელიძეზე საუბრისას პრემიერმა აღნიშნა, რომ “კახელი კალმახელიძე, ძირძველი თელაველი, პროფესიით ექიმია”.

პრემიერის ინფორმაციით, ამბროლაურის მერობის კანდიდატი, რატი ნამგალაძე განათლებით მშენებელ-ინჟინერი, ეკონომისტია. “მრავალმხრივი გამოცდილების მქონე, კომპეტენტური ადამიანი”, – ასე დაახასიათა ირაკლი ღარიბაშვილმა რატი ნამგალაძე.
რუსთავის მერობის კანდიდატად წარდგენილი რუსთავის მერის მოვალეობის შემსრულებლის დავით ჯიქიაზე საუბრისას კი პრემიერმა აღნიშნა, რომ იგი პროფესიით ეკონომისტია.

“დათოს ასევე მიღებული აქვს განათლება ქალაქის ურბანულ დაგეგმვასა და განვითარებაში, რაც მნიშვნელოვნად წაადგება მას რუსთავის მერის პოსტზე”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ახალციხის მერობის კანდიდატი გიორგი კოპაძე- სამართალმცოდნეა.

“მთელი მისი სამუშაო გამოცდილება დაკავშირებულია საქართველოს ამ ისტორიულ კუთხესთან და ქალაქ ახალციხესთან”, – აღნიშნა პრემიერმა.
მანვე ექიმი ავთანდილ ნემსიწვერიძე მცხეთის მომავალ მერად წარადგინა და იგი მცხეთელებისთვის საამაყო ადამიანად მოიხსენია.

“ბატონ ავთანდილი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი პრინციპული მოქალაქეობრივი პოზიციით. ის არ ეპუებოდა უსამართლობას არც საბჭოთა პერიოდში, როდესაც ეროვნულ მოძრაობაში იყო და არც მისი ცხოვრების მომდევნო წლებში”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ზუგდიდის მერობის კანდიდატის ირაკლი გოგოხიას წარდგენისას, პრემიერმა აღნიშნა, რომ იგი პროფესიით ეკონომისტია და მას ეძლევა საშუალება ემსახუროს მშობლიურ ზუგდიდსა და ზუგდიდელებს.

გორის მერობის კანდიდატი ზურაბ ჯირგველიშვილი კი ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორია. პრემიერის ინფორმაციით, გორის პრობლემებზე მუშაობის გამოცდილებით, მან კარგად იცის რა არის გორში და მთლიანად შიდა ქართლში პირველადი და უმთავრესი საზრუნავი.

ოზურგეთის მერობის კანდიდატი, ოზურგეთელი, ბეგლარ სიორიძე კი სოფლის მეურნეობის სპეციალისტია.

“ამ დარგში ძალიან კომპეტენტური ადამიანი, ბიზნესმენი, რომელმაც ძალიან კარგად იცის შრომის ფასი და დღემდე არაერთი ადამიანი ყავს დასაქმებული”, – აღნიშნა პრემიერმა.

მანვე ფოთის მერობის კანდიდატად ირაკლი კაკულია დაასახელა და აღნიშნა, რომ იგი ფოთში დაბადებული და გაზრდილი კაცია, პროფესიით ინჟინერ-მშენებელი, ასევე იურისტი, კარგ მეურნე და კარგი ადამიანი.ocneba kampania 7

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ დავით ნარმანია დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.

“როგორც იცით, თბილისის მერობისთვის იბრძოლებს ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი ბატონი დავით ნარმანია. დარწმუნებული ვარ, ბატონი დავითი დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს და ჩვენს დედაქალაქს მისი სახით შესანიშნავი თავკაცი ეყოლება. დავით ნარმანია დაჯილდოებულია ყველა იმ თვისებით, რომელიც კარგ მერს უნდა ჰქონდეს. დავით ნარმანია არის მეცნიერებათა დოქტორი და ამავე დროს შესანიშნავი მენეჯერი და მეურნე. იგი გახლავთ თვითმმართველობის კოდექსის ავტორი, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრი ჩვენს მთავრობაში. დარწმუნებული ვარ, სწორედ მას აირჩევენ თბილისელები, სწორედ მას ანდობენ თბილისის მერის უაღრესად საპატიო მანდატს”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

იგი დარწმუნებულია, რომ კოალიციის კანდიდატები ღირსეულად იბრძოლებენ თვითმმართველობის არჩევნებში და დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებენ. პრემიერმა კანდიდატებს წარმატებები უსურვა და მხარდამჭერებს “ქართული ოცნების” კანდიდატებისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდა.

“დარწმუნებული ვარ, ჩვენი კანდიდატები ღირსეულად იბრძოლებენ თვითმმართველობის არჩევნებში და დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებენ. მინდა ვუსურვო თითოეულ მათგანს წარმატებები ამ ბრძოლაში. მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, ყველას, ვისთვისაც ღირებულია დემოკრატიული პრინციპები, კანონის უზენაესობა, სამართლიანობა, კეთილდღეობა, ხმა მიეცით ,,ქართული ოცნების” კანდიდატებს! შემოხაზეთ 41 ! ჩვენ გავიმარჯვებთ და თქვენთან ერთად ვუპატრონებთ ჩვენს ქვეყანას! მოდით, ერთად ვიზრუნოთ საქართველოზე!”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამაც. მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მათ მიერ გაცემული დაპირებების შესრულების რეალური გზაა.ocneba kampania 8

„კონკრეტული მუნიციპალიტეტის და ქალაქის პრობლემების მოგვარება ყველაზე უკეთ ადგილზე შეიძლება. სამწუხაროდ ამის შესაძლებლობა დღემდე არ არსებობდა, რადგან ყოფილი ხელისუფლება შეგნებულად ზღუდავდა. საბედნეიროდ, დღეს რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს“,-განაცხადა ნარმანიამ.

დავით ნარმანიას განცხადებით, სოციალური სფერო მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგანია. მისი თქმით, მერია სოციალური დაცვის პროგრამების განსახორციებლად რვაას მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს.

„განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ სოციალურ დაუცველ ადამიანებს. გავუფართოებთ სოციალური დახმარების პაკეტს, ხოლო იმათ ვინც სოციალური დახმარების პაკეტით ვერ სარგებლობს, ინდივიდუალურ დახმარებას გავუწევთ. სოციალურად დაუცველი ოჯახი ახალდაბადებულ ბავშვზე ხუთას ლარიან დახმარებას მიიღებს“,- განაცხადა ნარმანიამ.ocneba kampania 4

მერობის კანდიდატმა უმუშევრობა მთავრობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაასახელა.

„ჩვენი პოლიტიკა უზრუნველყოფს კერძო სექტორის შესაძლებლობების გაზრდას და გაფართოებას. ყველა მუნიციპალური პროექტი დასაქმების ზრდაზე იქნება ორიენტირებული. ჩვენი პრიორიტეტი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაა და სწორედ ეს სექტორი უნდა გახდეს ახალი სამუშაო ადგილების შემქმნელი“,- განაცხადა ნარმანიამ.

მან ასევე თბილისის ეკოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრა. ნარმანია მოსახლეობას ვითარების გამოსწორებას დაპირდა.

„ჩვენ ვიზრუნებთ რეკრეაციული ზონის გაფართოებაზე. დედაქალაქში დავრგავთ და გავახარებთ ერთ მილიონამდე ხეს. მერია არ დაამტკიცებს არც ერთ სამშნებლო პროექტს, თუ მასში გამწვანების კომპონენტები არ იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, სრულიად მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემები. მერობის კანდიდატის განცხადებით, მტკვარი გამოცხადდება სარეკრიაციო ზონად.

“ჩვენ სრულიად მოვაწესრიგებთ სანიაღვრე სისტემებს. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გავასუფთავებთ მდინარე მტკვარს, გვაქვს ინტეგრირებული მართვის გეგმა, რომლის მიხედვითაც მტკვარი გამოცხადდება სარეკრიაციო ზონად”, – აღნიშნა ნარმანიამ.
მისივე თქმით, მიუსაფარი მოქალაქეები განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ.

“სამწუხაროდ, წლების განმავლოვაში მიუსაფარ მოქალაქეთა მდგომარეობით არავინ ინტერესდებოდა. ჩვენი ვალდებულებაა ამ ადამიანებს შევუქმნათ ცხოვრების ელემენტარული პირობები. ისინი ჩვენი მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ. ამ მიმართულებით, ჩემი მინისტრობის პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის დედაქალაქში. 2013 წელს პირველად მოეწყო თავშესაფარი მიუსაფარი მოქალაქეებისთვის. მე როგორც იმჟამინდელ მინისტრს, არასდროს დამავიწყდება იმ ადამიანების სავსე თვალები, რომლებიც პირველი თავშესაფრის მოწყობისას იყო. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდი ამ პრობლემების გამკლავებას აუცილებლად შეძლებს”, – აღნიშნა ნარმანიამ.

მისივე თქმით, თბილისის მერია აქტიურად იზრუნებს დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში ინფრასტრუქტურის მოწყობასა და მოწესრიგებაზე.
მისივე თქმით, მერობის შემთხვევაში აშენდება და გარემონტდება საბავშვო ბაღები.

„ჩვენმა გუნდმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგა. საბავშვო ბაღები უფასო გახდა, მაგრამ პირობები კვლავ შორსაა სასურველისგან. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საბავშვო ბაღების თანამედროვე სტანდარტებზე მორგება და მათი მდგომარეობის მაქსიმალური გაუმჯობესება იქნება. ჩვენ გავარემონტებთ და ავაშენებთ ახალ ბაღებს“, – განაცხადა ნარმანიამ.