უახლესი ამბები

აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სამედიცინო ცენტრ „ლანცეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

27 08 2014 | ავტორი: admin
აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სამედიცინო ცენტრ „ლანცეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საზოგადოება
0

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სამედიცინო ცენტრ „ლანცეტთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმს ხელი სამედიცინო ცენტრ „ლანცეტის“ გენერალურმა დირექტორმა ფარმან ჯეირანლიმ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ მოაწერეს. აღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია.

მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ გასვლით სამედიცინო აქციებში სამედიცინო ცენტრ „ლანცეტის“ სპეციალისტების მონაწილეობას ითვალისწინებს.

სამედიცინო ცენტრი „ლანცეტი“ უკვე მონაწილეობდა რუსთავში ჩატარებულ აქციაში, რისთვისაც მის პერსონალს აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მადლობის სიგელები გადასცა.

გაფორმებული მემორანდუმის დეტალებზე ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ. მისი თქმით, „ლანცეტი“ მთელ კავკასიაში უნიკალური კლინიკაა, რადგან სულ მალე, ის ადამიანის ორგანოების ტრანსპლანტაციის ტექნოლოგიებს დანერგავს.

„ლანცეტი“ არის ძალიან დიდი მომავლის მქონე კლინიკა, რომელსაც აქვს ამბიცია, იყოს უპრეცედენტო არამარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. აქ წარმოდგენილი იქნება ისეთი პოზიციები, როგორიც არის, ორგანოების გადანერგვა, ტრანსპლანტაცია, მათ შორის ღვიძლის. ფაქტობრივად, ასეთი რამ საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რეგიონში სიახლეა.

ჩვენს პაციენტებს, რომლებსაც სერიოზული დაავადების დიაგნოზი აქვთ დასმული  დახმარებისთვის ალტერნატიული გზების მოძიება ევროპასა და დსთ-ის ქვეყნებში  აღარ მოუწევთ. გარდა ამისა, აქ არის კარდიოქირურგიული და გინეკოლოგიური მიმართულებები. კლინიკა უკვე იყო ჩვენი მხარდამჭერი რუსთავის გამოკვლევებზე, სადაც 20 სპეციალისტი მოავლინეს.

მათ ძალიან მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაუწიეს ჩვენს ბენეფიციარებს. ვაპირებთ კიდევ უფრო გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები, რომ შევძლოთ უფრო მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა“, – განაცხადა ქეთევან ბაკარაძემ.