უახლესი ამბები

რამდენად შორს წავა უკრაინის გამო რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირება

02 09 2014 | ავტორი: admin
რამდენად შორს წავა უკრაინის გამო რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირება
შეფასება
0

ვლადიმერ პუტინსა და პეტრო პოროშენკოს შორის მინსკში გამართულმა შეხვედრამ უკრაინაში არსებულ სიტუაციას დადებითი ვერაფერი შესძინა. პირიქით, სიტუაცია უფრო გართულდა. ხუთშაბათს, უკრაინის პრეზიდენტის მიერ „რუსეთის შეჭრასთან“ დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ, კიევმა დასავლეთს მოსკოვზე ზეწოლისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. სასწრაფოდ მოწვეულ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას, ევროპელი და ამერიკელი ლიდერების სატელეფონო საუბრები მოჰყვა, რომლის მიზანიც რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესაძლო დაწესება იყო. ამასთან დაკავშირებით ზოგიერთი ექსპერტის პროგნოზით, სანქციებმა ეკონომიკურ სფეროში შესაძლოა სერიოზულ მასშტაბებს მიაღწიოს. არ უნდა გამოირიცხოს რუსეთისა და აშშ-ის ან რუსეთისა და ნატოს ურთიერთობებში სიტუაციის გამწვავება. მით უმეტეს, რომ 4 სექტემბერს უელსში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი გაიმართება, სადაც უკრაინის პრეზიდენტიც მიიღებს მონაწილეობას. პოროშენკო ნატოს ფარგლებში თავისი ქვეყნისათვის განსაკუთრებული სტატუსის მოპოვებას შეეცდება.

როგორც უნდა იყოს, ნათელია, რომ რუსეთი უკან დახევას არ აპირებს და თავისი პოზიციების დაცვას გააგრძელებს. კიევის მხრიდან მოსკოვის მისამართით გამოთქმული ბრალდებები საკმაოდ მშვიდად მიიღეს. რუსეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში განაცხადეს, რომ არავითარი შეჭრა არ ყოფილა. ვლადიმერ პუტინმა კი პოროშენკოს ეს განცხადება საერთოდ უყურადღებოდ დატოვა. ამის მაგივრად მან კიევს კიდევ ერთხელ მოუწოდა ცეცხლისა და სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტისაკენ, დონბასის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა, ხოლო „ნოვოროსიის“ სახალხო ლაშქარს ალყაში მოქცეული უკრაინელი სამხედროების გასაყვანად დერეფნის გაკეთება სთხოვა. ბოლო მიმართვა დამკვირვებლებმა ახალი ჰუმანიტარული ბადრაგის მომზადებად აღიქვეს, რომლის დონბასში გაგზავნაც რუსეთს ყოველგვარი მოლაპარაკებების გარეშე შეუძლია. მართალია სახალხო ლაშქარი რუსეთის ლიდერს დათანხმდა, მაგრამ მათ „იარაღის დაყრის“ წინაპირობა წამოაყენეს, რომელზეც კიევი არ დათანხმდება.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ რუსეთს ახალი სანქციები ემუქრება. მსგავსი განცხადება გააკეთა მერკელმაც. ასე, რომ როგორც ჩანს დასავლეთი ზეწოლის პოლიტიკის შესუსტებას არ აპირებს. ამასთანავე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი უკრაინაში ომს არ აპირებს და კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარებისთვის მუშაობა უნდა გაგრძელდეს. მაშასადამე სამხედრო ჩარევაზე ლაპარაკიც ზედმეტია. საგანგებოდ მოწვეულ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტუაცია კარდინალურად არ შეცვლილა. ტრადიციულად დაიბლოკა რუსეთის განცხადება აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ ვერც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება მოხერხდა.

„დასავლეთს საკმაოდ მოდუნებული რეაქცია აქვს – თვლის საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის საბჭოს პრეზიდიუმის წარმომადგენელი ფიოდორ ლუკიანოვი. – ოთხშაბათს ყველაფერი რუსეთის შეჭრის შესახებ საშინელი „ელვა“ ინფორმაციით იწყებოდა, მაგრამ ტრადიციული აყალ-მაყალით დასრულდა. არც გაეროს უშიშროების საბჭოსა და არც ობამას განცხადებებში რუსეთისათვის საშიშმა არაფერმა გაიჟღერა. დიახ, გაგრძელდება ომი, დაიწყება მარიუპოლისათვის ბრძოლა, მაგრამ ვაშინგტონი უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევას არ ჩქარობს. თანამედროვე უახლესი ტიპის იარაღის  მიწოდება, ძალიან სერიოზული საკითხია, თანაც ვისთვის გაუგებარია. ბინ ლადენთან დაკავშირებულ  გამოცდილებას ამერიკისთვის ფუჭად არ ჩაუვლია“.

ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის მსოფლიო ეკონომიკისა და პოლიტიკის ფაკულტეტის დეკანი სერგეი კარაგანოვი აცხადებს, რომ დასავლეთის რეაქცია მანევრირების მცდელობით არის გამოწვეული. ამასთან კრიზისი სულ უფრო მწვავდება და სიტუაცია ესკალაციისკენ მიდის. უკრაინა – მხოლოდ საბაბია.

„საკითხი მხოლოდ უკრაინას არ ეხება. მისი ტერიტორია გამოიყენება როგორც საბრძოლო პოლიგონი. რუსეთსა და დასავლეთს შორის   მძაფრდება კონფრონტაცია. რუსეთმა გამარჯვება საკუთარი თამაშის წესების თავზე მოხვევის გზით გადაწყვიტა. მეორე მხარეს შეეშინდა, რომ კარდინალურად წააგებს ამ თამაშს, იმის გათვალისწინებით, რომ წინა ათწლეულში ძველი დასავლეთის პოზიციები კატასტროფულად ჩამოიშალა. გადაწყვიტეს ბრძოლის გამართვა. აშშ, ნებისმიერი განცხადებების მიუხედავად უკრაინას სრულად უჭერს მხარს, რითაც რუსეთისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენებას ცდილობს. სავარაუდოდ ისინი რუსეთის განადგურებას ცდილობენ. ასეთ სიტუაციაში მე რუსეთსა და ნატოს ან აშშ-ს შორის პირდაპირ სამხედრო შეტაკებას არ გამოვრიცხავ. ყველაზე მთავარი ამოცანა ამის არდაშვებაა“.

კარაგანოვის აზრით,  ისევე როგორც აშშ-ის არცერთ პრეზიდენტს, არც ობამას  სურს რუსეთთან დაპირისპირება, რადგან ეს ამერიკას განადგურებით ემუქრება. „ობამას ძალიან უნდა ამ საშინელი ომების დასრულება, რომელშიც აშშ საკუთარი თავბრუდამხვევი წარმატებების შემდეგ აღმოჩნდა  ჩათრეული.  მაგრამ ობამა თავის დაღწევას ვერ ახერხებს. სავარაუდოდ მისი გარემოცვა ამერიკის პრეზიდენტს რეიგანის „საბჭოთა კავშირის დაშლის“ მსგავს სტრატეგიას სთავაზობს და ისიც თანხმდება. ამის ყველა ელემენტი არსებობს. ობამა  ძალიან გაღიზიანებულია რუსეთით. რუსეთიც თავის მხრივ, ბოლო წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა, რომ ამერიკასთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონოდა“.

„სინამდვილეში ობამას ომი არასდროს არ სურდა – აცხადებს ლუკიანოვი, – მიზეზი ის კი არაა, რომ იგი გაბოროტებული და აგრესიულია, არამედ ის, რომ მას არასდროს არ აინტერესებდა საგარეო საქმეები. პრიორიტეტებში მას სხვა პალიტრა ჰქონდა, უპირველეს ყოვლისა ქვეყნის შინაგანი ტრანსფორმაცია. შედეგად ჩავარდნაა ყველა მიმართულებით. ის არ არის ომის პრეზიდენტი, მაგრამ ის ყოველდღიურად ისეთ სიტუაციებს აწყდება, რომლებიც ძალის გამოყენებას ითვალისწინებს“.

რუსეთის მთავრობასთან არსებული საფინანსო უნივერსიტეტის გამოყენებითი პოლიტოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი, ეროვნული ენერგეტიკული უსაფრთხოების ფონდის გენერალური დეირექტორი კონსტანტინ სიმონოვი, რუსეთის უკრაინასთან სრულმასშტაბიან სამხედრო კონფლიქტს არ გამორიცხავს. მისი წინასწარმეტყველებით, პოროშენკოს რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით გაკეთებული გაცხადება, შესაძლოა უკრაინის ძალების როსტოვის ოლქში შესვლის წინაპირობა გახდეს. „უკრაინაში მღელვარება მატულობს და პოროშენკოს საკუთარი ამომრჩევლები პრეტენზიებს წაუყენებენ: „თუ, რუსეთი ჩვენთან შემოიჭრა  შენ რატომ არ შეგყავს ჩვენი ჯარები?“ სად არის იმის გარანტია, რომ საპასუხო დარტყმა არ განხორციელდება?“.

სიმონოვის განცხადებით, სამხედრო საშიშროება კიდევ იმიტომ არსებობს, რომ რუსულ საზოგადოებაში დღეს ორი ძირითადი მოსაზრებაა. პირველი – დასავლეთმა თავისთვის ყველაფერი გადაწყვიტა და რუსეთს „ტყავს გააძრობენ“. ამიტომ ჩვენთვის საუკეთესო ტაქტიკა – თავდასხმაა. „ასეთი მოსაზრება ძალიან პოპულარულია ინტელექტუალურ წრეებში და მას საზოგადოების ის ნაწილი უწევს პროპაგანდას, რომელთაც მე „ომის გამჩაღებლებს“ ვუწოდებდი. ამიტომ სიტუაცია ძალიან ჰგავს პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე არსებულ მდგომარეობას, როდესაც ყველა სულმოუთმენლად ელოდა საბრძოლო მოქმედებების დაწყებას. მეორე ბანაკში, რომელსაც ჩემ თავსაც, მივაკუთვნებ ასეთი სიფიცხე ჯერ ძალიან უადგილოდ ითვლება, რადგან ასეთი პოლიტიკა ნამდვილ უბედურებამდე მიგვიყვანს. თუკი ჩვენ თავად მოვახდენთ ომის პროვოცირებას, მაშინ ჩვენთვის სრულფასოვანი კატასტროფა დადგება“.

ამასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია შეკითხვა – როგორ იმოქმედებს რუსეთი. „ყირიმისა და სხვა ყველა დანარჩენის მიუხედავად, ის რაც 2014 წელს პუტინმა გააკეთა, ლოგიკური იყო და ნათლად მიუთითებდა, რომ მას საომარ მოქმედებებში ჩართვა არ სურს. ეს ყველაფერი გასაგები იყო იმ დრომდე, სანამ უკრაინის ტერიტორიაზე ჩვენი წვევამდელები და მედესანტეები არ აღმოჩდნენ, – აღნიშნა სიმონოვმა. – ეს ძალიან უცნაური ისტორიაა. ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს „ომის პარტიის“ მხარდამჭერთა მხრიდან უმაღლესი მთავარსარდლის „ჩაშვების“ მცდელობა იყო. ეს გავდა არა შეცდომას, არამედ მიზანმიმართულ პროვოკაციას. რადგან მინსკის შეხვედრის წინა დღეს ამის საჭიროება საერთოდ არ იყო“.

ამავე დროს „სელიგერის“ ფორუმზე პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი ფართომასშტაბიან სამხედრო კონფლიქტში ჩართვას არ აპირებს. მაგრამ გააფრთხილა, რომ „ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით ნებისმიერი აგრესიის მოსაგერიებლად“ და ჩვენ პარტნიორებს უნდა ესმოდეთ, რომ „ჩვენთან საქმის დაჭერა არ ღირს“, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ერთ-ერთი უძლიერესი ბირთვული სახელმწიფოა.

ლუკიანოვი მოუწოდებს არ მოხდეს სიტუაციის დრამატიზება. „სახელმწიფო სისტემა იმდენად გაუმჭვირვალეა, რომ „ომის პარტიასთან“ დაკავშირებით მხოლოდ მარჩიელობა თუ შეიძლება, მაგრამ დრამატიზება საჭირო არ არის. ის, რომ მინსკის მოლაპარაკებები ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანდა ეს კონფლიქტის არსიდან და სირთულიდან გამომდინარე თავიდანვე ნათელი იყო. ის რაც ახლა ფრონტზე ხდება – იქ გამართული მოლაპარაკებების შედეგია. საბრძოლო სიტუაცია საერთო პროცესის ელემენტის ნაწილია, რადგან პოლიტიკური დარეგულირების სქემა არ არის შემუშავებული. პირველივე ჯერზე მისი შემუშავება ვერც მოხერხდებოდა. ნათელია, პუტინმა პოროშენკოს რაღაც კონკრეტული შესთავაზა (შესაძლოა სახალხო რესპუბლიკებთან პოლიტიკური პროცესის რაღაც ვარიანტი), მაგრამ სავარაუდოდ პოროშენკომ უარი უთხრა. მაშინ კიდევ ვიბრძოლებთ. ომის შემდეგი რაუნდის შედეგებით შესაძლოა თქვენი აზრი შეიცვალოს. ამჟამად სამხედრო სიტუაცია უკრაინის სასარგებლოდ არაა. ნათელია, რომ მომავალში რუსეთის მხრიდან პირობები გამკაცრდება. თუმცა, სისხლისღვრის გათვალისწინებით სიტუაცია ახლაც ტრაგიკულია. რუსეთის მოქმედებებით თუ ვიმსჯელებთ, მიზანი ნამდვილად იცვლება. რაც მდგომარეობს იმაში, რომ (მიუხედავად იმისა არის თუ არა უკრაინაში რუსული ძალები)  მკაფიოდ, ნათლად და არაორაზროვნად დაანახოს კიევს, რომ ის ამ ბრძოლაში გამარჯვებას ვერ შეძლებს“.

ლუკიანოვი დარწმუნებულია, რომ რუსეთს სხვა გამოსავალი არ აქვს. ჩვენ უკვე ჩათრეული ვართ სიტუაციაში და ახლა იმის დემონსტრირება უნდა მოვახდინოთ, რომ ჩვენთან მოლაპარაკების გარეშე ვერაფერი გადაწყდება. ეს ყველაფერი შეიძლება ძალიან დიდხანს გაგრძელდეს, თუმცა უკრაინის არმია თავისი შესაძლებლობების ზღვარზე იბრძვის. ამიტომ „ნატოს“ სამიტზე იქნება მოწოდებები „ძველ კარგ დროში დაბრუნებისა“, როდესაც მათ ცალსახა საგარეო მტერი – რუსეთი ჰყავდათ და მის წინააღმდეგ უნდა ემოქმედათ. თუმცა ამ მოლაპარაკებებით რევოლუციურ გადაწყვეტილებებს არ უნდა ველოდოთ. სავარაუდოდ, ყველაფერი უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოცხადებითა და რუსეთის დაუშვებელი ქმედებების საწინააღმდეგო განცხადებით შემოიფარგლება.

სანქციები კი კიდევ უფრო გაძლიერდება. თუმცა ლუკიანოვის აზრით, გამკაცრება თანდათანობით მოხდება და რადგანაც ეს გრძელვადიანი სანქციებია, სავარაუდოდ ეს სპირალი რუსეთის მთელი საფინანსო სიტემის ბლოკირებამდე მივა. „ამერიკული ხაზი – ირანის მოდელის მსგავსად რუსეთის ფინანსურ შესაძლებლობებზე დარტყმაა. მადლობა ღმერთს ჩვენ ირანის მდგომარეობიდან შორს ვართ, მაგრამ მიმართულება იქით გვაქვს. ამერიკელები კი ამ პროცესებში ევროპის ჩათრევას განაგრძობენ.

„თუკი სანქციების დახმარებით საქმე რუსეთის საფინანსო სიტემის ბლოკირებამდე მივა, მაშინ ეს მთელი მსოფლიო ფინანსური სისტემისათვის დიდი დარტყმა იქნება. ეს თვითგანადგურებაა და პროცესი უკვე დაწყებულია. მე მხედველობაში მაქვს „VISA-სთან“და „МasterCard-თან“დაკავშირებული სიტუაციები. ასეთი საფრთხეები – ფაქტიურად ეკონომიკის სფეროში ატომური იარაღის გამოყენების ტოლფასია. ეს ძალიან საშიშია. ყველაფერი სასოწარკვეთილი კრიზისის მდგომარეობაშია. თუ დამრტყმელი სანქციები დაიწყება, მაშინ ეს ნამდვილი ეკონომიკური ომი იქნება. რუსეთი გადაკეტავს გაზს“, – აცხადებს კარაგანოვი.

ფიოდორ ლუკიანოვი ასევე თვლის, რომ გაზის გადაკეტვა – ეკონომიკური ომის ბოლო საფეხურია, „მაგრამ მე უკვე ასეთ ვარიანტსაც არ გამოვრიცხავ. რუსეთს ზეწოლის არც თუ ისე ბევრი ინსტრუმენტი აქვს, აშშ-ზე ბევრად ცოტა და თუკი ვიმოქმედებთ პრინციპით „კბილი კბილის წილ“, მაშინ სანქციების სიმკაცრე მიზანმიმართულობის ლოგიკას არ ითვალისწინებს. თუმცა სხვა მხრივ გაზის თემა მოლაპარაკებების კალაპოტში დაბრუნდა. ბოლო სამი თვის განმავლობაში ამაზე საუბარი საერთოდ არავის სურდა. ევროპა ახლა ამით ძალიან არის დაინტერესებული. საკვანძო მომენტი, რაც სიტუაციას მშვიდობიანი დარეგულირებისაკენ უბიძგებს არის ის, რომ ევროპა მიხვდა, რომ ომის შედეგის მიუხედავად ყველაფრისთვის მას მოუწევს გადახდა“.

„ევროპაში ხვდებიან, რომ უკრაინა მათი თავის ტკივილია. ამასვე მოწმობს გაზის საკითხთან დაკავშირებული მოლაპარაკებებიც, რაც იმის ნათელი მაგალითია, რომ უიმედო სიტუაციაშიც შესაძლებელია მოლაპარაკება. თუმცა აშშ-ს რუსეთის რაც შეიძლება მკაცრად დასჯა სურს და არა მხოლოდ ყირიმის გამო, არამედ იმ პრეცედენტის გამო, როდესაც ჩვენ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება ამერიკასთან შეუთანხმებლად მივიღეთ, – დარწმუნებულია სიმონოვი. – პუტინმა თავისი ძალა აჩვენა და ეს უნდა აღიკვეთოს. ამიტომ ევროპასაც ამ კონფლიქტში ითრევენ. მე არ ვგულისხმობ დიდ ბრიტანეთს, რომელიც თავისი არსით 51-ე შტატია, ასევე პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს. მაგრამ დასავლეთ ევროპის მნიშვნელოვანი ნაწილი (უპირველესად, გერმანია, საფრანგეთი და იტალია) ხვდება, როგორ შემოუბრუნდებათ სანქციები. სავარაუდოდ აშშ-ც არის ელიტის ნაწილი რომელიც თვლის, რომ აშშ-ის ასეთი პოლიტიკა რუსეთს ჩინეთის პატარა პარტნიორად აქცევს, რაც დასავლეთისთვის ნამდვილი კატასტროფა იქნება. რატომ უნდა ჩადო ასეთი სცენარი?“

„ჩვენი მაქსიმალური მიზანია – მოვილაპარაკოთ ევროპაში ცივი ომის დასრულებაზე, რომლის დასრულებაც დასავლეთს არ სურდა და რომელსაც რუსეთის შეთავაზებების მიუხედავად ფარულად მაინც აგრძელებდა. თუმცა ძირითადად დასავლეთის მხრიდან გაღიზიანებისა და სიძულვილის ფონზე ასეთი მიზანი ჯერ მიუღწეველია. მოსკოვი ბევრად უფრო ხალისით მიდის მშვიდობისაკენ, – დარწმუნებულია კარაგანოვი. – მშვიდობა გვინდა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ თავს მოხვეული ომის მდგომარეობაში ვართ. ფსონები ძალიან მაღალია და რუსეთს უკან დახევა არ შეუძლია, რადგან ამ შემთხვევაში ქვეყანაში მმართველი რეჟიმის გადარჩენის საკითხი დადგება იმის ფონზე, რომ აშშ ამ საკითხს უკვე ღიად სვამს და თავისი მიზნისაკენ მიდის. მათ ქცევის ლოგიკა ძალიან მაშფოთებს. ჩვენი მეგობრები ათამაშდნენ“.

„ვაშინგტონის მოქმედებები ბირთვულ ომამდე უფრო მალე მიგვიყვანს, ვიდრე რუსეთში პროამერიკული რეჟიმი გაჩნდება“, – კამათობს სიმონოვი. ის თანხმდება, რომ ჩვენ ძალიან თხელ ყინულზე დავდივართ, მაგრამ კომპრომისისათვის ჯერ კიდევ არის სივრცე. ამასვე მოწმობს ჩამოგდებულ „ბოინგთან“ დაკავშირებული სიტუაცია, როდესაც მთელი პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრეს. „თუკი იქნებოდა ბრძანება „წინ“, მაშინ ყველა მედიის საშუალებაში ისტერიკა გაგრძელდებოდა, მთელი ევროპის მასშტაბით რუსეთის საელჩოებთან მრავალათასიანი მიტინგები გაიმართებოდა.

აქტიურობა 10-ჯერ უფრო მეტი იქნებოდა, მაგრამ როგორც უნდა იყოს, ცალსახაა, რომ ჩვენი ახალი მსოფლიო წესრიგის დასაწყისში ვიმყოფებით და უკან დაბრუნება, თითქოს არაფერი მომხდარიყოს არც თუ ისე ადვილია“, -წინასწარმეტყველებს სიმონოვი.

ამასთანავე ექსპერტებს უჭირთ პასუხის გაცემა კითხვაზე, რა სახით გამოვა რუსეთი ამ პროცესებიდან.

მომზადებულია „ЭКСПЕРТ ONLINE-ის“ მასალების გამოყენებით „აფხაზიანიუსისთვის“,

დავით ასრიაშვილი