უახლესი ამბები

პარლამენტი „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას იწყებს

08 09 2014 | ავტორი: admin
პარლამენტი „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას იწყებს
მეცნიერება
0

დღეს, საქართველოს პარლამენტი „სახელმწიფო ენის შესახებ“ ინიცირებული კანონპროექტის განხილვას იწყებს. აღნიშნულ პროექტზე მსჯელობა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მოხდება.

„სახელმწიფო ენის შესახებ“ პროექტისა და მასთან ერთად „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების ინიცირება პარლამენტში საშემოდგომო სესიის გახსნისას მოხდა. საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორი განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტი, ხოლო ავტორი – ენათმეცნიერებისა და იურისტთა ჯგუფია.

პარლამენტში წარდგენილი პროექტით განისაზღვრება სახელმწიფო ენის სტატუსი, მისი დაცვის გარანტიები, სახელმწიფო და სხვა ენის გამოყენების თავისებურებები, განათლების ენის არჩევის შესაძლებლობა, სახელმწიფო ენის გამოყენების პრინციპები და სხვა საკითხები. პროექტით გათვალისწინებულია სახელმწიფო ენის დეპარტამენტის და სახელმწიფო ენის მუდმივმოქმედი კომისიის შექმნა, ასევე, პასუხისმგებლობის ზომები და ფულადი სანქციები „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებების თანახმად, კანონს დაემატება მუხლი, რომლის მიხედვით, იმ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, რომლებიც მაუწყებლობენ სახელმწიფო ენაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებულ იქნას არასახელმწიფო ენებიც, მაგრამ ტელე და რადიომაუწყებლობის საეთერო დროის არა უმეტეს 10%-სა. ამასთან, მაუწყებლის მიერ ნაჩვენები აუდიო-ვიზუალური პროდუქციის თარგმნისას და დუბლირებისას გამოიყენება სახელმწიფო ენა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

როგორც პარლამენტის ბიუროს წინა სხდომაზე საკითხის ინიცირებისას დავით უსუფაშვილმა განაცხადა, პროექტთან დაკავშირებით დიდი ხანია კომიტეტი მუშაობს, ინიცირებამდე კი, პროექტი ექსპერტიზისთვის ვენეციის კომისიაში გაიგზავნა, საიდანაც მოსულია დაწვრილებითი დასკვნა. უსუფაშვილის თქმით, განხილვისას იქნება იმის საშუალება, რომ გათვალისწინებულ იქნას საერთაშორისო, კომპეტენტური ექსპერტების მოსაზრებები.

„ასეთი გრძელი გზით იმიტომ წავედით, ინიცირებამდე იმიტომ მოხდა პროექტის ექსპერტიზა, რომ საკითხის უკიდურესად მაღალი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან და მგრძნობიარობიდან გამოვდივართ, რადგან ძალიან სერიოზულ თემას შეეხება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე.

პროექტის ფინანსურ დასაბუთებასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს. კერძოდ, როგორც ბიუროს სხდომაზე ითქვა, დაგეგმილია სახელმწიფო ენის დეპარტამენტის შექმნა 50 თანამშრომლით და მისთვის მილიონის გამოყოფა, თუმცა დასაბუთებული არ არის, როგორ მოხდა აღნიშნული თანხის გაანგარიშება და როგორ განაწილდება ის.