შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის ინფორმაციით, ე. წ. საზღვრის დამრღვევებისა გარდა, ცხინვალის ციხეში კიდევ 5 ქართველი იმყოფება.
როგორც ზაქარეიშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს, მათი გათავისუფლების სანაცვლოდ დე ფაქტო ხელისუფლება გორის ტერაქტში მხილებული პირების გათავისუფლებას ითხოვს.
„ცხინვალის ციხეში ე.წ. საზღვრის დამრღვევების გარდა კიდევ ხუთი ქართველი იმყოფება. რამდენიმე დღის წინ ორმა მათგანმა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში დარეკა, რამაც ოსური მხარე გაანაწყენა – მათ რატომღაც მიიჩნიეს, რომ ეს ჩემი ინიციატივით მოხდა, არადა, არაფერი ვიცოდი. ეს ბატონები არიან მიდელაშვილი და ხუროშვილი. დანარჩენების გვარებს ვერ გეტყვით, რადგან მათი ოჯახის წევრების ნებართვა არ მაქვს. ოსური მხარე მიდელაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ ითხოვს საქართველოს ციხეში მყოფი ოსი პატიმრების გათავისუფლებას, რაც ადვილი არ არის – ისინი გორის ტერაქტში არიან მხილებული და უვადო პატიმრობა აქვთ მისჯილი. ჩვენ მოვახერხეთ ცხინვალის ციხიდან პატიმარ ჯერაპოვის გამოყვანა. მას ყველაზე გრძელვადიანი სასჯელი – 13 წელი ჰქონდა მისჯილი, თუმცა ქართული მედია ამ ფაქტს არ გამოხმაურებია“, – აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
მინისტრის განმარტებით, ამ ხუთ პატიმარზე მათ ოსურ მხარესთან გამუდმებით აქვთ მოლაპარაკება და აღნიშნულის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებმაც იციან.