უახლესი ამბები

ნიდერლანდში ხვალ აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენა გაიხსნება

25 09 2014 | ავტორი: admin
ნიდერლანდში ხვალ აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენა გაიხსნება
კულტურა
0

ნიდერლანდში ხვალ აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენა გაიხსნება. როგორც გამოფენის ორგანიზატორმა დალი უბილავა დე-გრააფმა განაცხადა , 26 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით ქალაქ ლეიდენის პრესტიჟული გალერეა „ფრედერიკ ვან დერ ვლისტი“ აფხაზეთიდან დევნილი ოთხი მხატვრის გამოფენას „ჩემი სახლი – აფხაზეთი“ უმასპინძლებს.

ქართველი მხატვრების გამოფენის ორგანიზატორია ნიდერლანდური ფონდი „არტექო“ და ფესტივალი „იბერია“. გამოფენის ინიციატორი და მხარდამჭერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.

„გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების: ნუგზარ მგალობლიშვილის, ალექსანდრე ხუბუას, ზურაბ ჭედიას და დავით ბაძაღუას ფერწერული ნამუშევრები, რომლებიც 20 წლის წინ ომის გამო იძულებით დატოვებული მშობლიური მხარის – აფხაზეთის კოლორიტით, მოტივებით, ტკივილითა და მონატრებითაა ინსპირირებული. გამოფენა ფონდი „არტექოს“ მორიგი, მეხუთე პროექტია. 2011 და 2013 წლებში თბილისში ქართველ პუბლიკას ნიდერლანდელმა ხელოვანებმა გერიტ ვან დაიკმა და ერვინ ოლაფმა თავიანთი შემოქმედება წარუდგინეს“, – განაცხადა დალი უბილავა დე-გრააფმა.