უახლესი ამბები

აფხაზეთის მთავრობასა და ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა

30 09 2014 | ავტორი: admin
აფხაზეთის მთავრობასა და ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
კონფლიქტები
0

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის  შემდგომი გაძლიერება და სრულყოფა კონფლიქტის დარეგულირების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების მოგვარების საკითხში. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენისა და მშვიდობის დამყარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის აუცილებლობას.

მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა ოთარ ჟორდანიამ მოაწერეს.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მემორანდუმის დეტალებზე ისაუბრა ვახტანგ ყოლბაიამ. მისი თქმით, ამ პროექტის მთავარი მიზანი კონფლიქტის მონიტორინგი, ახალი გზების ძიება და ამ საკითხებით დაინტერესებული ახალგაზრდების მოძიებაა.

„კონფლიქტური პრობლემების, საერთოდ კონფლიქტოლოგების აღზრდის საკითხით დღეს რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელია დაკავებული, მათ შორისაა ჩვენი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ საფუძველი ჩაეყაროს კონფლიქტოლოგიის საერთაშორისო ინსიტუტის ჩამოყალიბებას, რომელიც კონკრეტულად შეისწავლის კონფლიქტის დარეგულირების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების საკითხებს. ჩვენ ამ შემოთავაზებას სიამოვნებით დავეთანხმეთ. მე საზღვარგარეთ ძალიან ხშირად ვხვდები ახალგაზრდების ჯგუფს სოხუმიდან, რომლებიც საკმაოდ მაღალ დონეს ავლენენ კონფლიქტოლოგიის დარგში. მათ გამოცდილების მიღების საშუალება აქვთ უცხოეთში, ჩართულნი არიან სხვადასხვა მოლაპარაკებების პროცესში, მათ შორის საერთაშორისო დონეზეც, რამაც განაპირობა კიდეც მათი შესაბამისი კვალიფიკაცია. ეს ძალიან სერიოზული ახალგაზრდების ჯგუფია, რომლებსაც ყველა დონეზე შეუძლიათ დებატების წარმართვა. ასეთი ახალგაზრდობა ჩვენც მრავლად გვყავს, რომელთაც უნდა გავუღვივოთ ინტერესი, მივცეთ საშუალება კვალიფიციური, ყოვლისმომცველი განათლება მიიღონ კონფლიქტოლოგიის საკითხებში. შემდეგ უკვე თავად ახალგაზრდები გადაწყვეტენ, ამ მეცნიერების რომელ მიმართულებაზე გააკეთებენ საკუთარ არჩევანს. ჩვენ გვჭირდება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ახალი გზების მოძიება, ამ მიმართულებით ახალი იდეები და ახალი კონცეფციები. კონფლიქტის მოგვარების პროცესში ნამდვილად არა გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა. არის ძალიან ბევრი დამაბრკოლებელი გარემოებაც, ესაა საერთაშორისო ფონი, უკრაინის, აფხაზეთის მოვლენები. ასევე სერიოზულად გვაფერხებს 21 წლის მანძილზე კონფლიქტის პრაქტიკულად გაყინულ მდგომარეობაში ყოფნა. ყოველივე ამას გააზრება, ახალი ანალიზი, ახალი ვითარების გათვალისწინება და სერიოზული დასკვნები სჭირდება. როგორც არის ნავარაუდევი, სწორედ ამ მიმართულებით დაკავდება ეს ინსტიტუტი, რომელიც მოიზიდავს ახალგაზრდებს, შექმნის სერიოზულ ძალას. მახარებს ის, რომ ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიას ამ მხრივ ძალიან სერიოზული პროფესიული გამოცდილებაცა აქვს. აღსანიშნავია, რომ ინსტიტუტის სტუდენტებს ქართველი ექსპერტების გარდა უცხოელ სპეციალისტებთან და ექსპერტებთან ექნებათ ურთიერთობა. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვან საქმეს ჩაეყარა საფუძველი და ვალდებულნი ვართ ამ პროცესს ხელი შევუწყოთ. მემორანდუმით დაკისრებულ გადაწყვეტილებებს ჩვენ პირნათლად შევასრულებთ“, — განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.

მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, პროფესორი ვახტანგ თორდია. მისი განცხადებით, პროექტი მეტად სერიოზულია და მასში გარდა ქართველებისა, ჩართული იქნებიან უცხოელი ექსპერტებიც.

„მიმაჩნია, რომ დღეს მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რომელიც ეხება პოლიტიკური კონფლიქტოლოგიის საერთაშორისო ინსიტუტის ჩამოყალიბებას და ამ შემთხვევაში, ძალიან სერიოზული ინციატივა გამოიჩინა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, რომელმაც ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიასთან ერთად ხელი მოაწერა მემორანდუმს ამ ინსტიტუტის დაარსების თაობაზე. მეტად მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ამ მნიშვნელოვან საკითხში ჩართულნი იქნებიან არა მატრო ქართველი ქსპერტები, არამდედ გერმანელი, უკრაინელი და ბალტიისპირელი ექსპერტები, ამ დარგის ცნობილი სპეციალისტები. ბუნებრივია ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნოლოვანესი მიმართულება იქნება რომ ჩამოყალიბდეს, განვითარდეს ნდობა კონფლიქტურ მხარეებს შორის, აგრეთვე გაძლიერდეს მეცნიერულ-კვლევითი სეგმენტი, ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის იძულებით გადაადგილებულ პირთა ქონების ინტერესების დაცვის უფლებები, ასევე მათი მუდმივ საცხოვრებელში დაბრუნების საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების ძებნა; იმავდროულად, ამ ჭრილში არსებული ინფორმაციის მონიტორინგის საფუძველზე სერიოზული პროგნოზირების გაკეთება. ყოველივე ამ საკითხებში ჩვენ გვექნება საერთაშორისო გამოცდილების გამოყენება ამ ექსპერტებთან თანაშრომლობის თვალსაზრისით და იმედია, ამ მიმართულებით სერიოზულ შედეგებს მივაღწევთ“, — განაცხადა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, პროფესორმა ვახტანგ თორდიამ.