უახლესი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს ეხმაურება

01 05 2014 | ავტორი: admin
ირაკლი ღარიბაშვილი ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს ეხმაურება
კანონპროექტი
0

ირაკლი ღარიბაშვილი ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა და კანონპროექტის ძირითადი არსი განმარტა. პრემიერის თქმით, დარჩა შთაბეჭდილება, რომ ადამიანების გარკვეულ ჯგუფს არ აქვს ინფორმაცია აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, ან უბრალოდ შეიძლება არ ესმით, ან ზოგიერთი ადამიანი კარგად არ უხსნის თუ რას გულისხმობს აღნიშნული კანონპროექტი.

როგორც ღარიბაშვილმა განმარტა, საუბარია მხოლოდ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების უფლებების გამოხატვაზე. ეს კანონპროექტი არ გულისხმობს პროპაგანდას, რაღაც განსაკუთრებული პრივილეგიებისა და უფლებების მინიჭებას განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებისთვის.

პრემიერის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი არეგულირებს სხვა ადამიანების უფლებებს. იგივე, უნარშეზღუდული პირების უფლებებს, საუბარია განსხვავებული კანის ფერსა და ა. შ.

„ანუ, საუბარია იმ უფლებებზე, რაზეც საუბარია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში. შესაბამისად, ამდენი საუბარი და ამხელა აჟიოტაჟი ჩემთვის პირადად ამოუხსნელი და გაუგებარია. ეს არის ჩემი, როგორც მოქალაქის და ამავდროულად როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიცია და მოსაზრება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ კანონს მივიღებთ და მინდა კიდევ ერთხელ მოსახლეობას განვუმარტო, რომ ჩვენი მთავრობა და პირადად მე ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ჩვენ არასოდეს მივიღებთ ისეთ კანონს, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ეროვნულ უსაფრთხოებას ან ტრადიციებს და ფასეულობებს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება პატრიარქის განცხადებას, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, პატრიარქი არის ბრძენი ადამიანი და მან კარგად იცის, რასაც აკეთებს. “მაგრამ ჩვენ ამავდროულად კარგად გვაქვს გაცნობიერებული, თუ საით მივდივართ, ჩვენ გვაქვს ამბიცია და მოტივაცია, რომ ჩვენი ქვეყანა გავხადოთ ერთხელ და სამუდამოდ თანამედროვე, ძლიერი, მოდერნისტული სახელმწიფო. კიდევ ერთი მონაპოვარი, რაც ჩვენ გვექნება უახლოესი 2 წლის განმავლობაში და რაც არის მთავარი მოთხოვნა, რომ მივიღოთ აღნიშნული კანონპროექტი, ეს არის უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან. მოლდოვამ მიაღწია უვიზო რეჟიმს ევროკავშითან და ჩვენ შეგვიძლია იგივე მივიღოთ 2-3 წელიწადში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან მიმართა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დღეების განმავლობაში გარკვეულ შეშფოთებას გამოხარტავდა აღნიშნულ კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით. “მინდა დავამშვიდო ისინი, მე და ჩემი გუნდი არანაკლებ პატრიოტები ვართ და ჩვენი ეროვნული ღირებულებების დამცველები. ამ კანონის მიღებით ჩვენ ვადასტურებთ, რომ ძლიერი ერი და სახელმწიფო ვართ. რაღაც ცოდვაზე იყო საუბარი. ცოდვაზე არ უნდა ვისაუბროთ. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ქვეყნის განვითარებაზე და მით უმეტეს მართლმადიდებელი ქრისტიანი არასოდეს გაურბოდა, არასოდეს ეშინოდა ამა თუ იმ ცოდვის, ეს არის ჩვენი ძლიერება”, – აღნიშნა პრემიერმა.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ამ დღეებში, რასაც ის უყურებდა, მისთვის მიუღებელია. ამასთან, პრემიერმა მიმართა საკუთარი გუნდის წარმომადგენლებს, რომ მათ ჰქონდეთ მეტი კომუნიკაცია საზოგადოებასთან აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით და აუხსნან ამ ადამიანებს, რომ ეს კანონპროექტი არ უქმნის საფრთხეს ქვეყნის ტრადიციებსა და ფასეულობებს.

„ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით რაიმე უკანონობის დაკანონება არ მოხდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისივე განმარტებით, მოიპოვა მტკიცებულებები, რომ სასულიერო პირებს აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია არ აქვთ.

“მე მოვისმინე წუხილი, რომელიც აქვთ ჩვენს მამებს. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩვენთვის პატივსაცემ ადამიანებს – მამაოებს არ აქვთ დეტალური და სრულყოფილი ინფორმაცია, თუ რას გულისხმობს აღნიშნული კანონპროექტი. მე ეს კარგად გავაანალიზე – გუშინ კიდევ უფრო გამიმყარდა ეს ეჭვი და რეალურად მოვიპოვე მტკიცებულებები, რომ მათ არ აქვთ სრულყოფილი და ობიექტური ინფორმაცია. მათი მთავარი წუხილი იყო შემდეგი, რომ აღნიშნული კანონის მიღებით ხდება ცოდვის, მამათმავლობის დაკანონება, რომ მოხდება პროპაგანდა და რაღაც საშინელება ქვეყანაში. მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო და ავიღო პასუხისმგებლობა, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღებით არავითარი დაკანონება არ ხდება რაიმე უკანონოსი, არავითარი პროპაგანდის საშულება არ მიეცემა არავის. მინდა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით არავითარი დამატებითი უფლებები არ მიენიჭება რომელიმე სოციალურ ჯგუფს, თუ უმცირესობას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის განმარტებით, ასევე ტყუილია მოსაზრება იმის თობაზე, რომ სასულიერო პირებს ქადაგება აეკრძალებათ.
“მეორე მთავარი წუხილი რაც აქვთ ამ ადამიანებს იყო ის, თითქოს მათ აეკრძალებათ ქადაგება. რა თქმა უნდა, ესეც არის აბსოლუტური ტყუილი და არ შეესაბამება სიმართლეს. ამ კანონის მიღებით ეკლესიას არ შეეზღუდება ქადაგების უფლება. სწორედ ამ მიზნით კანონპროექტში ჩვენ გავაჩინეთ ცალკე მუხლი, რომელიც ეხება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებულ შეთანხმებას”, – განმარტა პრემიერმა.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის საპარლამენტო მდივანს შალვა თადუმაძეს სასულიერო პირებთან კომუნიკაცია და მათთვის კანონპროექტის არსის ახსნა დაავალა. ”

“გუშინ მე მივმართე საპარლამენტო მდივანს შალვა თადუმაძეს, რომ ჰქონდეს მეტი კომუნიკაცია ჩვენს მამებთან და დეტალურად აუხსნას მათ ამ კანონპროექტის მნიშვნელობა. მე როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მთავრობის მეთაური და კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ მიიღება არც ერთი ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული კანონი. არავითარი რისკი არ არსებობს, რომ აღნიშნული კანონის მიღებით ჩვენთვის ყველაზე ძვირფას ფასეულობებსა და ტრადიციებს რაიმე საფრთხეს შევუქმნით”, – დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აღნიშნულ საკითხს ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია. მისი თქმით, „დღეს ჩვენ ყველას უნდა ავუხსნათ, რომ ეს კანონი საფრთხეს არ წარმოადგენს. არავითარი ერთსქესიანთა ურთიერთობის დაკანონება არ ხდება“.
ბესელიას განცხადებით, პარლამენტში ანტიდისკრიმინაციულ კანონს სასულიერო პირებთან ერთად დახურულ კარს მიღმა კიდევ ერთხელ განიხილავენ მუხლობრივად.

“ჩვენ, სასულიერო პირებთან ერთად, კეთილგანწყობილ გარემოში კიდევ ერთხელ განვმარტავთ თუ რას დებს კანონმდებელი ამ პროექტში. ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ცალსახად ითქვას, რომ არავითარი პროპაგანდა არ ხდება ამ კანონპროექტით სექსუალური უმცირესობის ურთიერთობის დაკანონების. აქ არავითარ ერთსქესიანთა ქორწინებაზე საუბარი არ არის. კანონპროექტში დევს პირდაპირ ჩანაწერი, რომ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის შეთანხმება აღიარებულია და არც ერთი ეს ნორმა რომელიც ამ კანონპროექტში წერია არ იქნება ეკლესიის საწინააღმდეგოდ გამოყენებული. ეს არასწორად გავრცელებული ინფორმაციები დღეს ამ შეხვედრაზე სასულიერო პირებთან ერთად კიდევ უნდა განვიხილოთ”, – აცხადებს ეკა ბესელია.

ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკავშირებით, დღეს, პარლამენტში სასულიერო პირებსა და მმართველი გუნდის წევრებს შორის დახურულ კარს მიღმა შეხვედრა გაიმართება, სადაც კანონპროექტს მუხლობრივად განიხილავენ.