უახლესი ამბები

გიორგი მარგველაშვილი: „კანონები სექსუალურ საკითხს არ ქადაგებს“

01 05 2014 | ავტორი: admin
გიორგი მარგველაშვილი: „კანონები სექსუალურ საკითხს არ ქადაგებს“
კანონპროექტი
0

„კანონები სექსუალურ საკითხს არ ქადაგებს“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ, საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში, თოქ-შოუ „პირველ სტუდიაში“ სტუმრობისას, ანტიდისკრიმინაციული კანონის ირგვლივ შექმნილი სიტუაციის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, ამ კანონის მიღება საჭიროა ბევრი მიზეზის გამო.

„ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ამ პროცედურის გავლა ჩაწერილია ასოცირების შეთანხმების ტექსტში, მაგრამ ეს არის უფრო საერთაშორისო პოლიტიკის ნაწილი. მე მინდა, მოგახსენოთ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ, როგორც ქრისტიანმა, როგორც ქართველმა, იმ ადამიანმა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, როგორ იქნება ორგანიზებული საზოგადოება, რომ ადამიანის რაიმე ნიშნით ჩაგვრის აღკვეთა – სწორედ ეს მიმაჩნია ქრისტიანული ღირებულებების რეალურად ცხოვრებაში განხორცილებად. მე იმ რელიგიას ვეკუთვნი, რომელშიც არის ნათქვამი, რომ ვინც არის უცოდველი, პირველმა იმან ისროლოს ქვაო. ეს ის რელიგიაა, სადაც მაცხოვარი ამბობს, რომ საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავთ და სხვისაში ბეწვს ხედავთო. ეს ის რელიგიაა, რომელმაც აქცენტი გადაიტანა არა უბრალოდ მოყვასის, არამედ მტრის სიყვარულზე. შესაბამისად, ნებისმიერი ჩაგვრა, ჩაგვრის ნებისმიერი ლეგიტიმაცია, როგორც ქრისტიანისთვის, მიუღებელია, როგორც ქართველისთვის, მიუღებელია, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა იმ სავიზიტო ბარათით მოვიდა, რომ აქ განსხვავებული აზრი არ იჩაგრება”, – აღნიშნა მაგველაშვილმა.
პრეზიდენტის აზრით, იმ ადამიანებს, ვინც აღნიშნული კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან, ალბათ არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია და საჭირო იყო მათი მეტად ინფორმირება.

“აქ ხდება მცნებათა აღრევა. აქ არ არის ლაპარაკი მორალური ან რელიგიური ღირებულებების გადახედვაზე, აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ განსხვავებული ადამიანების ჩაგვრა არის მიუღებელი, მაგრამ თავისთავად ეს თეზა არა უბრალოდ დაწერილია კონსტიტუციაში, არამედ ქართველების არსობრივ კონსტიტუციაში. ესაა ჩვენი რელიგია. თუ გვინდა ამ რელიგიის აქცენტების შეცვლა, ეს სხვა ამბავია”, – დასძინა მარგველაშვილმა. მისივე თქმით, ამ თემის ასე გადატრიალება საქართველოს არ სჭირდება და ქვეყნის მომავლისთვის არის პრობლემური.

“არანაირი ქადაგება საერთოდ ამ კანონში რაიმე ტიპის სექსუალური თემის, არ არის. საერთოდ, კანონები სექსუალურ საკითხს არ ქადაგებენ. კანონები ჩვეულებრივ რაღაცას ან კრძალავენ ან არ კრძალავენ. შესაბამისად, ამ ყველაფრის შეტრიალების მცდელობად აღვიქვამ ძალიან მტკივნეულად, იმიტომ, რომ რეალობა არის სრულიად სხვა. არანაირი იდენტობის შეცვლა აქ არ არის, პირიქით, ეს არის ჩვენი ტოლერანტობის ხაზგასმა. ამ კანონის მიღებით არავინ ზარალობს, პირიქით, ჩვენ ვხდებით უკეთესი საზოგადოება”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მარგველაშვილის თქმით, კონსპირაციის თეორიებს ჩვეულებრივ არ ეთანხმება, მათ შორის იმ მოსაზრებაში, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის ირგვლივ სიტუაციის გამწვავება მიზანმიმართულად ხდება, რათა ევროინტეგრაციის კურსის დისკრედიტაცია მოხდეს. მარგველაშვილის აზრით, საქმე გვაქვს მცნებების აღრევასთან.

ამასთან, მისივე თქმით, არის ის კომპონენტიც, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება-არმიღება არის საკითხი – მივდივართ ევროპისკენ თუ ვრჩებით რუსეთში. “პოლიტიკური კუთხით თუ შევხედავთ, არის ეს კომპონენტი. ამ კანონის არმიღება შეაფერხებს ჩვენს ევროპაში ინტეგრაციას, მაგრამ მე მინდოდა საუბარი, როგორც ჩვეულებრივ ქართველს, ჩვეულებრივ ქრისტიანს, რომელსაც აქვს განცდა, რომ თვითონ არის ცოდვილი და სხვისი კრიტიკის უფლება არ გააჩნია”, – დასძინა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ საბოლოოდ კონსენსუსი მთლიანად საზოგადოებაში შედგება, ხოლო რადიკალური ჯგუფების შეხედულებების დაახლოება მიზანს არ წარმოადგენს.