უახლესი ამბები

პარლამენტმა „მოქალაქეობის შესახებ კანონი“ დაამტკიცა

01 05 2014 | ავტორი: admin
პარლამენტმა „მოქალაქეობის შესახებ კანონი“ დაამტკიცა
კანონპროექტი
0

83 მომხრე – არც ერთი წინააღმდეგი – საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ახალი კანონი მიიღო.
კანონპროექტის თანახმად, ახლებურად წესრიგდება და რიგ შემთხვევებში მარტივდება საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების, დადგენისა და შეწყვეტის საკითხები.

შეიცვალა ბავშვის მოქალაქეობის მოპოვების პირობები, როცა არც ერთი მშობელი არ არის საქართველოს მოქალაქე. ასევე, კანონი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე სუროგაციის წესით დაბადებული ბავშვის მოქალაქეობის საკითხს. ამ გზით დაბადებული ბავშვი დაბადებით საქართველოს მოქალაქეობას მოიპოვებს, თუ მისი გენეტიკური მშობლების მოქალაქეობის სახელმწიფო არ მიიჩნევს საკუთარ მოქალაქედ.

პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი ითვალისწინებს გამონაკლისს ქმედუუნარო და ფიზიკური ნაკლის მქონე პირების საქართველოს მოქალაქედ მიღებისას სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ტესტირებისაგან გათავისუფლებას.

კანონპროექტით საქართველოს მოქალაქედ მიღების პირობები განსხვავებულად განისაზღვრა სრულწლოვანი და არასრულწლოვანი პირებისთვის. კერძოდ, ამ უკანასკნელს არ მოეთხოვება საქართველოს ტერიტორიაზე 5-წლიანი ცხოვრება და ენისა და სამართლის საფუძვლების ცოდნა, ასევე უძრავი ქონების ფლობა საქართველოს ტერიტორიაზე. კანონის პროექტით გაუქმებულია საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი – არასაპატიო მიზეზით 2 წლის განმავლობაში საკონსულო აღრიცხვის არქონა. ამასთან, კანონით განსაზღვრულია უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის დაუშვებლობა იმ პირთათვის, ვისაც მინიჭებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა.