უახლესი ამბები

პრემიერი პარლამენტს მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის მაქსიმალურად მოკლე ვადებში მიღებისკენ მოუწოდებს

01 05 2014 | ავტორი: admin
პრემიერი პარლამენტს მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის მაქსიმალურად მოკლე ვადებში მიღებისკენ მოუწოდებს
კანონპროექტი
0

„კამპანია, რომ დღეს ყველას უსმენენ, სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მუშაობის დეტალები განმარტა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით, სპეციალურმა უწყებათაშორისმა კომისიამ ამ საკითხზე მუშაობა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მოქალაქეების დარწმუნება იმაში, რომ დღეს ყველას უსმენენ, ქვეყნის იმიჯის ძირგამომთხრელ საქმიანობად შეიძლება შეფასდეს.

“არასამთავრობოებისა და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მიერ მაშინ წარმოდგენილი ვარიანტი კატასტროფის ტოლფასი იყო და საფრთხეს შეუქმნიდა მთლიანად სამართალდამცველი სისტემის, ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის გამართულ, ეფექტურ მუშაობას. ჩვენ ეს არ დავუშვით და დავიწყეთ აღნიშნული კანონპროექტის დამუშავება. ქვეყნის ინტერესებთან დაკავშირებულ კანონპროექატზე მუშაობისას სიჩქარე დაუშვებელია”, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და აუდიომასალის განადგურების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და პროცესის მონაწილე თავად იყო, მსგავსი ტიპის დანაშაულისთვის კი ბევრი ადამიანი დაისაჯა. პრემიერის შეფასებით, ხელისუფლებამ საქმით დაამტკიცა, რომ საქართველოში მოსმენების დრო დასრულდა.

“ორი თვის წინ კი ჩვენ გვესმის, რომ იწყებენ ჩემთვის აბსოლუტურად გაუგონარ კამპანიას, სახელწოდებით “ეს შენ გეხება”. მოვისმინე განცხადებები, რომ ყოველი დღე საფრთხის შემცველია და იწყებენ მოქალაქეების დარწმუნებას, რომ დღეს ყველას უსმენენ. მაშინ, როდესაც საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის იმიჯის განმტკიცება ხდება და ყოველდღიურად ვაჩვენებთ პროგრესს, ეს ადამიანები ათასობით ლარს ხარჯავენ რეკლამებში იმისთვის, რომ შეარყიონ ქვეყნის იმიჯი. ამას მე ვუწოდებ ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას. მიზანმიმართული კამპანია, რომ დღეს ყველას უსმენენ, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულია და ამის არავითარი საჭიროება არ არსებობს. არსებობს მტკიცე პოლიტიკური ნება და ეს მანკიერი პრაქტიკა აღმოიფხვრა. ჩვენი კარი ღიაა და მოვუწოდებ ამ ადამიანებს, ღია კარის მტვრევა საჭირო არ არის”, – აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშილმა განმარტა, რომ მისი დავალებით, უსაფრთხოების საკითხებში პრემიერის მრჩეველმა, მინდია ჯანელიძემ კანონპროექტის დამუშავება დაიწყო, რაც უკვე დასრულებულია და პარლამენტს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება. პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს მიმართა, აღნიშნული კანონპროექტი მაქსიმალურად მოკლე ვადებში მიიღოს.

აღნიშნულ საკითხს ეხმაურება საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე. მისი თქმით, უკანონო სატელეფონო მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტის მიღება შეიძლება თვითმმართველობის არჩევნებამდე ვერ მოხერხდეს.

როგორც თადუმაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, კანონის სწრაფად მიღების დავალება პრემიერმაც გასცა, თუმცა არის გარკვეული შენიშვნები, რომელზეც მუშაობა ამ დრომდე გრძელდება.

„კანონის მიხედვით, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობიდან ამოდის ელექტრონული თვალთავლისა და მიყურადების მუხლი და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში გადადის, რის შემდეგაც აღნიშნული მოქმედებები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ განხორციელდება. კანონპროექტზე მუშაობა ამ დრომდე გრძელდება, ამიტომ თუ როდის მიიღებს პარლამენტი, ჯერ უცნობია“, – აცხადებს თადუმაძე.

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია “ეს შენ გეხებას” წარმომადგენლები, რომლებიც უკანონო მოსმენების წინააღმდეგ კამპანიას ახორციელებენ, დღეს კანონპროექტის დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარისგან კონკრეტულ პასუხს ელოდებიან.