უახლესი ამბები

აფხაზეთის მთავრობა  ზუგდიდში დევნილებს სიმინდის მოსავლის აღებაში დაეხმარა

14 10 2014 | ავტორი: admin
აფხაზეთის მთავრობა  ზუგდიდში დევნილებს სიმინდის მოსავლის აღებაში დაეხმარა
რეგიონები
0

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ  ზუგდიდში, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ აფხაზეთის მთავრობისთვის სარგელობის უფლებით გადაცემული მიწის ნაკვეთი მოინახულა. 10 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე პირველად დაითესა სიმინდი, რომლის მოსავლის აღებასაც დღეს აფხაზეთის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

 აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აფხაზეთის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლობით შეიქმნა პროექტი,  რომლის ფარგლებშიც დასაქმებული იყო რამდენიმე ათეული ოჯახი  და  მოწეული მოსავალიც დევნილ ოჯახებზე გადანაწილდა.

მოსავლის აღებაში მონაწილება მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ,  აფხაზეთის  განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარიამ,  აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანმა,  აფხაზეთის  დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე  დავით გვაძაბიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ოთარ გოგოხიამ, ასევე  აფხაზეთის მთავრობის აპარატისა და  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის წარმომადგენლობის თანამშრომლები.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, მოწეული მოსავალი იმ დევნილებზე გადანაწილდება, რომლებიც მის მოყვანაში იყვნენ ჩართულნი. მისივე თქმით, სამომავლოდ უფრო მეტი მიწის ათვისება იგეგმება, რაც კიდევ უფრო ბევრ დევნილს დაასაქმებს.

„ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენ  პირველად ვიღებთ  ჩვენი შრომით მოწეულ სიმინდის მოსავალს.  ამ მიწის ნაკვეთის ასათვისებლად ყველამ ვიშრომეთ. მომავალი წლისთვის უფრო მეტი მიწის ფართობს ავითვისებთ, შესაბამისად უფრო მეტ დევნილს დავასაქმებთ. ისიც უნდა გითხრათ, რომ გაგვიჭირდა სათესლე მასალის, ტექნიკის და ფინანსების მოძიება.  ბოლოს რაღაცას მაინც თავი მოვუყარეთ, რაშიც   დაგვეხმარა სსიპ „მექანიზატორი“, რომელსაც ბატონი ალო გამახარია ხელმძღვანელობს.  სწორედ ამის გამო,  ეს ყანა, მოგვიანებით, მაისის მიწურულს დაითესა.  მიუხედავად იმისა, რომ სიმინდის  მოყვანისთვის ყველა აგრარული წესი დავარღვიეთ, მოსავალი მაინც საუცხოო მივიღეთ.  სიმინდის მოვლა-პატრონობა დევნილთა  გარკვეულმა ჯგუფმა ითავა. მათ შორისაა კობა ნაყოფია და რეზო ჯალაღონია. პრაქტიკულად, მათ მხრებზე გადაიარა ყველაფერმა. დღეს სიმბოლურად ჩამოვედით აფხაზეთის მთავრობის და აპარატის წევრები. ჩვენც მთელი დღე ხალისით ვიმუშავეთ. მე მინდა, რომ დევნილთა გარკვეულმა ნაწილმა ამ შრომით ისარგებლოს  და ეს ბარაქიანი მოსავალი მათ ოჯახებს წაადგეს. როგორც უკვე გითხარით, სამომავლოდ გაცილებით მეტ მიწებს ავითვისებთ და დევნილთა გაცილებით დიდი ჯგუფი ჩაერთვება  ამ საქმიანობაში. მადლობა  მინდა გადავუხადო  ამ ბიჭებს, რომლებმაც ბევრი იშრომეს იმისთვის, რომ  ასეთი მოსავალი მიგვეღო“. – განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის, იგორ კოპალიანის თქმით, დევნილებმა ერთმანეთის მხარში დგომით შეძლეს საკმაოდ დიდი ოდენობის მოსავლის მოწევა.

„სიმინდის დათესვის გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო, დღეს მხარში ვუდგავართ ერთმანეთს და ერთად ვიღებთ მოსავალს. ასეთი ერთიანობით ჩვენ სხვა პროექტების განხორციელებასაც შევძლებთ, რაც პირველ რიგში დევნილებს გაუიოლებს ცხოვრებას“. – განაცხადა იგორ კოპალიანმა.

აფხაზეთის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ვახტანგ ჯგუბურიას თქმით, აღნიშნულ მიწებს დევნილები წლების წინაც ამუშავებდნენ, თუმცა სათანადო ხელშეწყობის გარეშე, ბოლო წლებში ეს შეუძლებელი გახდა, მაგრამ დევნილთა ხელშეწყობა და დახმარება წელს აფხაზეთის მთავრობამ  იკისრა.

„აფხაზეთიდან გადმოსვლის შემდეგ, ამ ფართობებს წლების განმავლობაში დევნილები ამუშავებდნენ, მაგრამ ბოლო 5 წელია ვეღარ ამუშავებდნენ,  თანადგომის თხოვნით დევნილებმა აფხაზეთის მთავრობას მიმართეს, რათა დაეწყოთ ამ მიწის დამუშავება. ამის შემდეგ,  ჩვენ მივმართეთ სსიპ „მექანიზატორს“,  რომელმაც დიდი დახმარება გაგვიწია. აქ რამდენიმე ოჯახი დასაქმდა, რაც ამ სოციალური პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია“. – განაცხადა ვახტანგ ჯგუბურიამ.