უახლესი ამბები

სამეგრელოში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა

14 04 2014 | ავტორი: admin
სამეგრელოში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა
რეგიონები
0

ვახტანგ ყოლბაია: „არსებულ თანხებს მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რომ მოვიცვათ მთელი საქართველო და დევნილებს საქართველოს ყველა კუთხეში მივაწვდინოთ დახმარება“

აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ზუგდიდსა და დარჩელში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში 12-13 აპრილს დევნილ მოსახლეობას უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკური გამოკვლევები ჩუტარდა.

დევნილთა გამოკვლევებში მონაწილეობას იღებდნენ აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკისა (რესპუბლიკური საავადმყოფო) და აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის წამყვანი სპეციალისტები.

აფხაზეთიდან დევნილებს ადგილზე, უფასოდ ჩაუტარდათ სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიული და ინსტრუმენტული (ექოსკოპია, ართროექოსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია, ენცეფალოგრამა) გამოკვლევები. აქცია უზრუნველყოფილია ჰუმანიტარული ტვირთით, მედიკამენტებით, რომელიც დევნილებს აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია UMCOR-მა გადასცა.

ღონისძიება აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ქეთევან ბაკარაძის ხელმძღვანელობით წარიმართა.

გამოკვლევების ჩასატარებლად დარჩელში გადმოვიდნენ სოფელ განმუხურში მცხოვრები დევნილებიც. როგორც დევნილები აცხადებდნენ, მათთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო მედიკამენტების უფასოდ მიღება, „რომ აღარაფერი ვთქვათ დიაგნოსტიკურ გამოკვლევებზე“.

აქციაში მონაწილე დევნილთა რაოდენობა განსაკუთრებით დიდი იყო 13 აპრილს, როგორც დარჩელში, ისე ზუგდიდში. პროცესს თვალს ადევნებდნენ Abkhazia News-ის ჟურნალისტებიც.

13 აპრილს, ზუგდიდსა და დარჩელში მიმდინარე დევნილთა უფასო სამედიცინო-დიაგნოსტიკურ გამოკვლევებს დაესწრო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია.
ყოლბაის განცხადებით, ეს პროცესი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია დევნილთა ჯანმრთელობის გაუმჯობესების გზაზე. მთავარი კი ის არის, რომ ღონისძიებებს ერთჯერადი ხასიათი არ ექნება და იგი მთელ საქართველოს მოიცავს.

„უკვე მეორე დღეა, დარჩელსა და ზუგდიდში მიმდინარეობს დევნილთა უფასო გამოკვლევა, თუმცა მოდიან ადგილობრივებიც, რომლებსაც ასევე ვემსახურებით. წელს, ჩვენს ჯანდაცვის ბიუჯეტში, საქართველოს ხელისუფლების კეთილი ნებიდან გამომდინარე, საკმარისი რაოდენობის თანხაა და გადავწყვიტეთ მისი ხარჯვა უფრო პრაქტიკული, პრაგმატული და მიზნობრივი გამხდარიყო. მისი დიდი ნაწილი სწორედ ასეთი აქციებისკენ მივმართეთ. აქციას არ ატარებს ერთჯერად ხასიათს; ტენდერების შედეგად დაზოგილი თანხებით, ამ ღონისძიებათა რიცხვი დაგეგმილი ექვსის ნაცვლად რვამდე გაიზრდება და მოიცავს თბილისს, სამეგრელოს, აჭარას, იმერეთს, სამცხე-ჯავახეთს. არსებულ თანხებს მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რომ მოვიცვათ მთელი საქართველო და დევნილებს საქართველოს ყველა კუთხეში მივაწვდინოთ დახმარება. მადლობა მინდა გადავუხადო ღუდუშაურის ცენტრს, რესპუბლიკურ საავადმყოფოს, კლინიკა „ენმედიცის“, ტატიშვილის კლინიკას, მათ ხელმძღვანელებს, რომლებმაც გამოკვლევებისთვის წამყვანი პროფესორები გამოგვიგზავნეს. ისინი ხელშეკრულებების საფუძველზე ასევე გვეხმარებიან როგორც მატერიალურად, ისე ტექნიკური აღჭურვილობით. ჩვენს ბიუჯეტში მნიშვნელოვნად გავზარდეთ უფასო წამლებისათვის განკუთვნილი თანხის მოცულობა, ოთხი ათასის ნაცლად ამჟამად 90 ათასი ლარის მობილიზება შევძელით. ეს არაა დიდი თანხა, მაგრამ წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია. ტენდერების შედეგად დაზოგილ თანხებს აუცილებლად მივმართავთ უფასო მედიკამენტებისკენ, რადგანვ ვხედავთ, რომ მათზე დიდი მოთხოვნაა. სამწუხაროა, რომ წამლები მაინც არ არის საკმარისი და ყველა დაავადებას ვერ აუდის. დიაგნოზის დასმის შემდეგ, გართულების მქონე პაციენტები გადამისამართდებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. უკვე გამოიკვეთა რამდენიმე საოპერაციო შემთხვევაც. გუშინ ერთ მათგანს უკვე გაუკეთდა სასწრაფო ოპერაცია. ვფიქრობ, ღონისძიებებმა გარკვეული შედეგი გამოიღო.მიხარია, რომ ხალხი კმაყოფილია და მადლიერებასაც გამოხატავს. ასევე მადლობას ვუხდი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომელთაც ღონისძიებათა ჩასატარებლად სრულფასოვანი ბაზა შეგვიქმნეს“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

სამედიცინო გამოკვლებებზე მისული დევნილები ვახტანგ ყოლბაიას სხვა ყოფითი პრობლემების მოგვარების თხოვნითაც მიმართავდნენ. მთავრობის ხელმძღვანელი ყველა მათგანს გაეცნო და უახლოეს პერიოდში მოგვარება აღუთქვა, ზოგიერთი პრობლემის გადაწყვეტა კი ადგილზევე დაავალა შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებს.