უახლესი ამბები

საქართველოს პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი დაამტკიცა

02 05 2014 | ავტორი: admin
საქართველოს პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი დაამტკიცა
კანონპროექტი
0

დღეს, საქართველოს პარლამენტმა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ანტისდისკრიმინაციულ კანონს მხარი 104-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი მხოლოდ ერთი იყო. პროექტში ცვლილებები მესამე  განხილვის დროსაც შევიდა. კენჭისყრების დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ დეპუტატების ნუკრი ქანთარიას, სოსო ჯაჭვლიანის და ივანე კიღურაძის მხრიდან დაფიქსირებული ხმა, კენჭისყრების პროცესში არ აისახა. 
მიღებული კანონპროექტის საფუძველზე ადამიანის ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია იკრძალება, მათ შორის ისეთი ნიშნებით, როგორიცაა: ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეზღუდული შესაძლებლობა, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, პროფესია და სხვ. 
კანონპროექტი კრძალავს დისკრიმინაციას როგორც საჯარო, ასევე კერძო სფეროში. დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე ზედამხედველობას სახალხო დამცველი განახორციელებს. 
ამასთან, სასულიერო პირებისა და მრევლის პროტესტის ფონზე საპარლამენტო განხილვების პროცესში პროექტის რამდენიმე მუხლი ჩასწორდა. კერძოდ, კანონპროექტში „საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დაცვის“ ცნება ჩაიდო და ამ მიზნებით განხორციელებული ქმედება პირის დისკრიმინაციად არ ჩაითვლება. 
გარდა ამისა, ანტიდისკრიმინაციული პროექტიდან შევიწროებასთან დაკავშირებული პუნქტიც ამოიღეს. საუბარია კანონპროექტის ჩანაწერზე, რომელიც ითვალისწინებდა იმას, რომ ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს იმ პირთა შევიწროება, რომელთა მიმართ არსებობს მტრული, დამამცირებელი, დამაშინებელი, ღირსების შემლახავი ან სხვა სახის შეურაცმყოფელი გარემო. როგორც ამასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა განმარტეს, აღნიშნული პუნქტი იყო მეტისმეტად ბუნდოვანი, იძლეოდა სხვადასხვა ტიპის ინტერპრეტირების საშუალებას და კანონის განჭვრეტადობის პრინციპიდან გამომდინარე, კანონიდან მისი ამოღება მიწანშეწონილად ჩაითვალა. 
კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას კი გადაწყდა, რომ კანონში არ იქნება ჩანაწერი, რომელიც კანონის მოქმედების სფეროს აკონკრეტებდა.
ანტიდისკრიმინაციული პაკეტის ავტორი და ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.