უახლესი ამბები

ვახტანგ ყოლბაია საპატრიარქოს წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში გამართულ შემოდგომის ზეიმს დაესწრო

23 10 2014 | ავტორი: admin
ვახტანგ ყოლბაია საპატრიარქოს წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში გამართულ შემოდგომის ზეიმს დაესწრო
კულტურა
0

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა პანსიონში შემოდგომის ზეიმი მოეწყო და სკოლის დაარსებიდან 5 წლის იუბილე აღინიშნა. მიწვეული სტუმრებისთვის სკოლის პანსიონში არსებულმა გოგონათა და ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლებმა, ხალხურ საკრავთა ორკესტრმა, საფორტეპიანო და სავიოლინო კლასებმა მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს და კონცერტი გამართეს.

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, სკოლა პანსიონის დირექტორი დეკანოზი მირიანი–ნოდარ სამხარაძე, თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები, სასულიერო პირები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ. საკუთარი ლექსები წაიკითხა ქართველმა პოეტმა თინათინ მღვდლიაშვილმა.

კონცერტის დასრულების შემდეგ სტუმრებმა სკოლის ეზოში გადაინაცვლეს, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს ყველა კუთხე სხვადასხვა საცეკვაო ნომრით, მცირე სპექტაკლებით, ლექსებითა და სიმღერებით. პარალელურად, სტუმრებს იქვე დამზადებული ქართული კერძების დაგემოვნება შეეძლოთ, კახეთის კუთხის წარმომადგენლებმა საწნახელში ღვინო დაწურეს, გურიის კუთხეში არყის გამოხდის პროცესი მიმდინარეობდა, სამეგრელოს კუთხეში კი სხვა კერძებთან ერთად სტუმრებმა ელარჯიც დააგემოვნეს.

საზოგადოებას განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს აფხაზეთის კუთხის წარმომადგენლებმა, სადაც აღსაზრდელების მისალმების, აფხაზური ცეკვის შესრულებისა და ლექსების წაკითხვის შემდგომ, სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრმა ლელა გულედანმა, სკოლის მე–6 კლასის მოსწავლეებთან ერთად აფხაზ თანამემამულეებს მიმართა და მშვიდობიანი თანაცხოვრების გზავნილები გაუგზავნა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, ერთიან საქართველოში აფხაზეთის დაბრუნებისათვის „ბრძოლა“ მხოლოდ მშვიდობიან ხასიათს ატარებს.

„აფხაზეთი მუდამ გვახსოვს ყველას და არასოდეს მიეცემა დავიწყებას. ჩვენი „ბრძოლა“ აფხაზეთისათვის მხოლოდ მშვიდობიანი ფორმებით გრძელდება. ბრძოლა არა ხმლით, არა ჭურვებით, არამედ თუნდაც აქ გამართული  არაჩვეულებრივი შემოდგომის დღესასწაულით, რომელიც  ამ შესანიშნავ სკოლაში მოუწყვიათ დღევანდელი ზეიმის მესვეურებს. მადლობა მინდა ვუთხრა სკოლას, საპატრიარქოს, განათლების სამინისტროს, რომელსაც ამ სკოლის მოწყობაში საკუთარი წვლილი შეაქვს. დღევანდელ დღესასწაულზე სანაქებოდაა წარმოდგენილი ყველა კუთხე. ახლაც აფხაზეთის ეზოში ვიმყოფებით. რა თქმა უნდა, როცა ამ ყველაფერს თვალს გადაავლებ, რწმუნდები რომ აფხაზეთში დაბრუნება გარდაუვალია, ჩვენ მოგვენატრა აფხაზეთი, ჩვენი თანაკლასელები, ჩვენი მეზობლები, მოგვენატრა იქაური ყმაწვილები, რომლებიც,  სამწუხაროდ სხვა სულისკვეთებით გაიზარდნენ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, აფხაზეთში  და დევნილობაში გაზრდილი ჭაბუკები და ქალიშვილები საბოლოოდ დამეგობრდებიან და  მშვიდობიანად დაასრულებენ ამ  კონფლიქტს. სწორედ ისინი ჩაუყრიან საფუძველს ერთიან საქართველოში ლამაზი  აფხაზეთის დაბრუნების პროცესს”, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

სკოლა–პანსიონი 2009 წელს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II – ის ლოცვა–კურთხევით დაფუძნდა.