უახლესი ამბები

უჩა ნანუაშვილი პროკურატურას განცხადებით მიმართავს

04 11 2014 | ავტორი: admin
უჩა ნანუაშვილი პროკურატურას განცხადებით მიმართავს
კრიმინალი
0

სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს შსს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ მოქალაქე დ.ხ-ზე შესაძლო უკანონო ქმედებების გამოძიებისკენ განცხადებით მოუწოდებს.

„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის დ.ხ-ს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, შსს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2014 წლის 18 სექტემბერს იგი საკუთარ სახლში დააკავეს, წაიყვანეს სოფელ გუბისწყლის ტერიტორიაზე და ყაჩაღობის ფაქტის აღიარების მიზნით უმოწყალოდ ცემეს. ცემის და წამების შემდეგ იგი ხელებზე ბორკილებდადებული მთელი ღამის განმავლობაში, ქვედა საცვლის ამარა დატოვეს ტყეში. მხოლოდ მეორე დილის 6.00 საათზე წაიყვანეს შსს წყალტუბოს რაიონული სამმართველოში, ხოლო შემდეგ ქუთაისის დროებით მოთავსების იზოლატორში.
დ.ხ-ს განცხადებით, ვინაიდან, წამების მიუხედავად მან არ აღიარა ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი, შარვლის მარჯვენა წინა ჯიბეში ჩაუდეს ნარკოტიკული ნივთიერება, რომლის მოხმარების ფაქტიც შესაბამისი შემოწმების დროს არ დაუდგინდა.
დ.ხ-ს სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრის დროს ხელებზე, ფეხებზე და ზურგზე აღენიშნებოდა ფუფხით დაფარული დაზიანებები.
განსაკუთრებით საგულისხმოა ის გარემოება, რომ შესაბამისი დოკუმენტაციის თანახმად, დ.ხ-ს დაკავების მომენტში რაიმე დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა, ხოლო რამდენიმე საათში, დროებით მოთავსების იზოლატორში შემოწმების დროს, მას სხეულზე არაერთი მნიშვნელოვანი დაზიანება ჰქონდა““, – ნათქვამია განცხადებაში.