უახლესი ამბები

დე-ფაქტო აფხაზეთში ოპოზიცია მთავრობის გადაყენებას ითხოვს

04 05 2014 | ავტორი: admin
დე-ფაქტო აფხაზეთში ოპოზიცია მთავრობის გადაყენებას ითხოვს
კონფლიქტები
0

დე-ფაქტო აფხაზეთის ოპოზიციამ 29 აპრილს დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს მთავრობის გადაყენება და სახალხო ნდობის ხელისუფლების ჩამოყალიბება მოსთხოვა. ოპოზიციური პარტიების კოორდინირებული კრება და საზოგადოებრივი ორგანიზაციები პრემიერის საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას აპირებენ, რომელიც შემდგომში ხელისუფლებას დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებს. დე-ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი ულტიმატუმის წამოყენებას შეუფერებლად თვლის.

კოორდინირებული კრების წევრმა რაულ ხაჯიმბამ ქვეყნის მდგომარეობა კრიზისულად შეაფასა და პრეზიდენტს მათი მოთხოვნები გადასცა, რომელიც მათი აზრით, შექმნილი ვითარებიდან გამოსასვლელად უნდა განხორციელდეს. ერთ-ერთი მოთხოვნა მთავრობის გადაყენება და ეროვნული ნდობის მთავრობის ჩამოყალბებაა, რომელსაც კოორდინირებული კრების შეთავაზებული პრემიერი უხელმძღვანელებს.
ოპოზიცია ასევე ითხოვს, რომ ახალმა პრემიერმა დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს ხელისუფლება, რის შემდეგაც, ერთი თვის მანძილზე, მომზადდეს კონსტიტუციაში შესატანი შესწორებების პაკეტი, სახელდობრ პრეზიდენტის უფლებების ნაწილის პარლამენტისთვის და მთავრობისთვის გადაცემის შესახებ. ასევე, პრეზიდენტისგან ითხოვენ გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის გენერალური პროკურორის გადაყენებას.
კოორდინირებული კრების მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი საერთო სახალხო შეკრებისა და პრეზიდენტის გადაყენების ინიციატივით წარსდგებიან. სამომავლო ამოცანების შესახებ კომენტარზე რაულ ხაჟიმბამ უარი განაცხადა.
ოპოზიცია პასუხს დე-ფაქტო პრეზიდენტისგან 5 მაისს ელოდება.
„არავის აქვს მიზნად უხეში დაპირისპირებით მოვიდეს ხელისუფლებაში, მაგრამ ჩვენ მოვითხოვთ შეთავაზებული ყოველი პუნქტის შესრულებას. სინამდვილეში არანაირი ულტიმატუმი არ არსებობს. ეს არის მოთხოვნების პაკეტი, რათა ქვეყანაში ვითარება შეიცვალოს. ეს აუცილებელი, ობიექტური და სწორია“, – განაცხადა აპსნიპრესთან რაულ ხაჯიმბამ.

მომზადებულია kavkaz-uzel.ru მასალებზე დაყრდნობით Abkhazia Newsსთვის